ოთხშაბათი, იანვარი 8, 2025

დონალდ ტრამპი – ვულოცავ მაიკ ჯონსონს კონგრესში უპრეცედენტო ნდობის მოპოვებას, ის დიდებული სპიკერი იქნება, ხალხი ოთხი წელი ელოდებოდა საღ აზრს, სიძლიერესა და ლიდერობას, ისინი ახლა მიიღებენ ამას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ულოცავს და აცხადებს, რომ ჯონსონი შესანიშნავი სპიკერი იქნება.

„ვულოცავ სპიკერ მაიკ ჯონსონს კონგრესში უპრეცედენტო ნდობის მოპოვებას. მაიკი იქნება დიდებული სპიკერი, ხოლო ჩვენი ქვეყანა იქნება ბენეფიციარი. ამერიკის ხალხი ოთხი წელი ელოდებოდა საღ აზრს, სიძლიერესა და ლიდერობას. ისინი მიიღებენ ამას ახლა და ამერიკა უფრო დიადი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მაიკ ჯონსონს მხარი დაუჭირა ამ კვირის დასაწყისში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ესაუბრა რესპუბლიკელ დეპუტატებს, რალფ ნორმანს და კეიტ სელფს, რომლებმაც პირველ კენჭისყრაზე მაიკ ჯონსონს მხარი არ დაუჭირეს, მეორე კენჭისყრაზე კი აზრი შეიცვალეს.

აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, მას მხარი დაუჭირა 218-მა რესპუბლიკელმა, ერთმა თანაპარტიელმა კი სხვა კანდიდატს მისცა ხმა. მაიკ ჯონსონს 215 დემოკრატი კანონმდებლიდან მხარი არცერთმა არ დაუჭირა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლაგოდეხში, მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.

პრემიერ-მინისტრი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ შობის დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა, ვუსურვო სიყვარული და სიკეთე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებსა და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

მიხეილ ყაველაშვილი – გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმით დავამტკიცო, ჩვენი საზოგადოება სიყვარულით გავაერთიანო

აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა. „სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ყველას. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, ალბათ დამეთანხმება ჩვენი საზოგადოება, რომ აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ილია მეორე – ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. „ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი. უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10). წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა. ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები –  მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ილია მეორე – დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ

დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყოველივე ეს უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და „აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს“. „ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია). ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების“, – ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

ბოლო სიახლეები