ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერ პუტინთან ვსაუბრობ, კარგი საუბარი მაქვს, მაგრამ შემდეგ ამას შედეგი არ მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ის ომშია. ომში ასეა, არასოდეს იცი, რა მოხდება, მაგრამ დროა, გარიგება დაიდოს. ბევრი ადამიანი კვდება – ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ისინი ადამიანები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, რამდენად დაეხმარება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ფიქრობს, ეს ნამდვილად იქონიებს გავლენას“
„ეს მასშტაბური სანქციებია – ნავთობის ორი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, პუტინი გონივრული გახდება და იმედი მაქვს, ზელენსკიც გონივრული იქნება. თქვენ იცით, ტანგოს ორი ცეკვავს, როგორც ამბობენ. მათ ერთმანეთს სძულთ. ამ ორ ადამიანს ერთმანეთს სძულს და ეს უფრო რთულს ხდის საქმეს, ვიდრე უნდა იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, პუტინს მთელი უკრაინის აღება სურდა.
„ჩემი პირველ საპრეზიდენტო ვადა როცა იყო, ძალიან ახლოს ვიყავი მასთან. ვგრძნობდი, რომ მას სურდა მთელი უკრაინა, არა მხოლოდ ნაწილი. ვფიქრობ, ახლა ის მზადაა, ცოტა უფრო წინ წავიდეს მოლაპარაკებების პროცესში და ვფიქრობ, მზადაა შეთანხმება დადოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ შეთანხმებების მიიღწევა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ბირთვული იარაღის დეესკალაცის საკითხზე.
„პრეზიდენტმა პუტინმა სატელეფონო საუბრისას ბირთვული იარაღის საკითხზე ისაუბრა, სადაც დეესკალაციას ვახორციელებთ. მე კმაყოფილი ვარ ამით. ვფიქრობ, ეს კარგია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინაზე ისაუბრებს და სი ძინპინს შეუძლია, რომ პუტინზე დიდი გავლენა მოახდინოს.
„ჩვენ საკმაოდ გრძელი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ რაღაც გადაწყდება. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, სი ძინპინს შეუძლია, დიდი გავლენა იქონიოს პუტინზე. ის ძალიან დიდი ქვეყნის ძალიან ძლიერი ლიდერია. ჩვენ ნამდვილად ვისაუბრებთ რუსეთ-უკრაინაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.