აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა.
ტრამპის თქმით, ის დაელოდება, რა მოხდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დამატებით რაუნდებში.
„არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ისინი არ არიან მზად, მოგვცენ ის, რაც უნდა მოგვცენ. ამით არ ვარ აღფრთოვანებული. ვნახოთ, რა მოხდება, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მინდა, შეთანხმება ახლავე მივიღოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულ კონფლიქტში აშშ-ის ჩართვის რისკების შესახებ, თუ ის ირანზე დარტყმებს განახორციელებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება ითქვას, რისკი ყოველთვის არსებობს. იცით, როდესაც ომია, ყველაფრის რისკი არსებობს, როგორც კარგის, ასევე ცუდის“.
ირანმა და შეერთებულმა შტატებმა 26 თებერვალს ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გამართეს. ტექნიკური მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 27 თებერვალს ვაშინგტონში ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბადრ ალ-ბუსაიდის შეხვდება, რომელიც მოლაპარაკებების შუამავლობას ახორციელებს.

