აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და არა ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, რასაც ტრამპმა მხოლოდ ერთი სიტყვა უპასუხა – „ზელენსკი“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს მოლაპარაკებებს.
დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს, შეხვდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, მომავალ კვირას, მან უპასუხა – „შევხვდები – თუ იქ იქნება. მე იქ ვიქნები“.

