ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძეს: მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მცხეთა ჩემთვის მუდმივი საზრუნავია და გთხოვთ მხარდაჭერას

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქ მცხეთის საჭიროებებზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწევა კონკრეტულ პროექტებს. „მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი არ ვარ, ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია მცხეთა და ამიტომ მინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის მცხეთის ხიდი, რომელზედაც ამ ტრიბუნიდან არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს პროექტი პრობლემური გახდა. დაახლოებით ცხრამილიონიანი პროექტია და დღემდე ვერ დასრულდა, არადა რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო. იყო პირობაც, რომ გააქტიურდებოდა ეს მშენებლობა, მაგრამ ბოლო პერიოდში მხოლოდ რამდენიმე დღით თუ გამოჩნდებიან ხოლმე ადგილზე მშენებლები და შემდეგ იკარგებიან. მეორე საკითხი, რომელზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის მცხეთის იუსტიციის სახლი. თითქოს ყველა მონაწილე მხარე შეთანხმებულია, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს, მაგრამ აქაც რატომღაც ფერხდება სამუშაოების დაწყება.

აქვე აღვნიშნავ, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, მცხეთას არ ჰქონდა მუზეუმი და ახლა აქვს, მაგრამ მის გახსნასთან დაკავშირებით მინდა თქვენც და თქვენს გუნდსაც გთხოვოთ, რომ დროულად მოხერხდეს მუზეუმის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობასაც და ტურისტებსაც ვაჩვენოთ ჩვენი დიდი კულტურა და მუზეუმში დაცული არტეფაქტები მხოლოდ შენახული არ იყოს და არ დაზიანდეს.

მცხეთის N1 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან კარგი კომუნიკაცია იყო და ამ საკითხზე ვაგრძელებთ მუშაობას. უბრალოდ, მთხოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ეს თემა აქაც გამეჟღერებინა და მათ თხოვნას ვასრულებ.

და ბოლოს, როგორც იქნა პოზიტიურად დაიძრა მცხეთის მორატორიუმის საკითხი. მხარეები შევთანხმდით, რომ საბოლოო დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს. მინდა, გუნდის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, განსაკუთრებით, ბატონ ლევანს, რომელიც ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს. ასევე, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ადგილმონაცვლეობისთვის უკვე გამოყოფილია ფართები და პირველივე შესაძლებლობისთანავე ისარგებლონ. გენერალური გეგმა უნდა დავამტკიცოთ და თქვენს გუნდს მინდა ვთხოვო, ეს საკითხი, რომელიც უკვე პოზიტიურ რელსებზეა გადასული, ბოლომდე მივიყვანო,“- განაცხადა ხუნდაძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის პასუხით, ყველა დასახელებულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.

„მცხეთის ხიდს რაც შეეხება, აქტიურად გრძელდება სამუშაოები და წლის ბოლომდე დასრულდება მშენებლობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება პროგრესი. იუსტიციის სახლს რაც შეეხება, დარჩენილია „იუნესკოს“ დასკვნა და ამის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს ეს პროექტი. მუზეუმის გასახსნელადაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და სექტემბრისთვის შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, მათ შორის, ტექნიკის შეძენაც. პირველ სკოლასთან დაკავშირებით გრძელდება მუშაობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი გვექნება და სათანადო ვადებში დასრულდება პროექტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ დამტკიცდა, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოააშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა, ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და პოლიტიკური ინტრიგების, შურისძიებისთვის ჩვეულებრივ იარაღად იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა. ამას ვაკვირდებით, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე, როდესაც სხვადასხვა პლატფორმაზე ამგვარი ორგანიზაციების ბოროტად გამოყენება ხდება საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს აძლევენ უფლებას, მათ ხელში იყვნენ იარაღი. დღეს, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის, თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, ყალბი ნარატივების შეთხზვის, გავრცელების, კონფლიქტების გაღვივების, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად იქცნენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოააშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა, ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და პოლიტიკური ინტრიგების, შურისძიებისთვის ჩვეულებრივ იარაღად იქცევიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.კითხვაზე, რას შეიძლება დაუკავშიროთ საქართველოსთან მიმართებით ევროპელი პოლიტიკოსების მიდგომა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიღებული რეზოლუციით გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა.„ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც, შეიძლება, მსგავსი გამოწვევები ჰქონდეთ, მაგრამ იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა კვლავ დაგვანახა თავისი სახე და თავისი თავი შეგვახსენა, საქართველოსთან მიმართებით ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. ფაქტების ნაცვლად, გვაქვს მანიპულაციები, არის საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შეთხვზის მცდელობები. ასე რომ, ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები. იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელები, გვარები, სახეები ტრიალებენ. ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესხმიან თავს საქართველოს, ანტიქართულ დოკუმენტებს თხზავენ, მეორე კვირას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირას – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც მოჩენილი არიან საქართველოზე, რათა რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეცხრამეტე საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელ ქვეყანას სხვადასხვა ინსტრუმენტით თავს დაესხან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.მისივე თქმით, ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე ჯანდაცვისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს, აგრეთვე სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს მზარდ როლს სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეაჯამა გაერო-ს ეგიდით გამართული ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი მიდგომები.მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით აუცილებელია უსაფრთხოების საკითხებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ხოლო საქართველო მზად არის, აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო დისკუსიებსა და ინიციატივებში, მათ შორის, მომავალში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობის მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი – მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას მრავალი ასეული ათასი მომხრე ჰყავს, უკრაინელების ჩათვლით კი – რამდენიმე მილიონი.როგორც სააკაშვილი წერს, მხარდამჭერების ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს მისი მისამართით უსამართლო თავდასხმებზე.„მე მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს უსამართლო თავდასხმებზე. ისე კი, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და რა ვიცი, ამ სტატუსსაც გავაზიარებ ყოველ შემთხვევაში. მე თვითონ ის ეთერი, რომელზეც საუბარია, არც მინახავს და არც მაინტერესებს“, – წერს სააკაშვილი.

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ინფორმაციას ავრცელებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რჩევას უზიარებს.„ახალი ხილი ბავშვთა კვებაში - როდის, როგორ და რა რაოდენობით?ახალი ხილი ბავშვის კვების რაციონში სასარგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპია. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოთი და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, თუმცა მნიშვნელოვანია, მისი შეთავაზება ასაკისა და განვითარების შესაბამისად მოხდეს. როდიდან შევიტანოთ? თუ ბავშვი მზად არის დამატებითი კვებისთვის, ახალი ხილის შეთავაზება შესაძლებელია 4-6 თვის ასაკიდან. რომელი ხილით დავიწყოთ? უპირატესობა მიანიჭეთ რბილ და ადვილად მოსანელებელ ხილს: ვაშლი (გახეხილი ან ორთქლზე ოდნავ დამუშავებული) მსხალი ბანანი ატამი გარგარი კენკრა, ციტრუსები და სხვა ხილი 7-9 თვის ასაკიდან ეტაპობრივად შეგვიძლია შევთავაზოთ: მარწყვი ჟოლო მოცვი ალუბალი (უკურკოდ) ფორთოხალი, მანდარინი, კივი რამდენი მივცეთ? ახალი პროდუქტი ყოველთვის მცირე რაოდენობით დაიწყეთ 1-2 ჩაის კოვზით, შემდეგ კი, თუ ბავშვი კარგად იტანს, თანდათან გაზარდეთ ასაკის შესაბამისად. როდის შევთავაზოთ? უმჯობესია ხილი მიეცეს დღის პირველ ნახევარში, ძირითად კვებებს შორის ან დესერტად. არ არის რეკომენდებული ხილის წვენით ჩანაცვლდეს თავად ხილი -უპირატესობა ყოველთვის მთლიან ნაყოფს ენიჭება. გახსოვდეთ: ახალი ხილი ერთდროულად მხოლოდ ერთი სახეობის შეიტანეთ. თითოეულ ახალ პროდუქტს შორის დატოვეთ 2-3 დღე, რათა შესაძლო ალერგიული ან სხვა არასასურველი რეაქციის შეფასება შეძლოთ. ყურძენი, ალუბალი, ბალი და სხვა მრგვალი ხილი მცირეწლოვან ბავშვებს ყოველთვის დაჭრილი და უსაფრთხო ფორმით შესთავაზეთ, რათა გადაცდენის რისკი შემცირდეს. ფერადი, მრავალფეროვანი და სეზონური ხილი ბავშვის ჯანსაღი კვების საუკეთესო ნაწილია. მთავარია, ყველაფერი მოხდეს ეტაპობრივად, უსაფრთხოდ და ბავშვის ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით",- წერს მამუჩიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი - პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით - Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში, ტვენტეს უნივერსიტეტში (University of Twente) იმყოფებოდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა მეცნიერმა და ინოვატორმა ჰანს ჰილგენკამპმა (Hans Hilgenkamp) უმასპინძლა.ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევითი პროექტების გაცნობა და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა იყო.როგორც პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კვლევების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა ინტენსიურად ეთანამშრომლა ტვენტეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან, მათ შორის პროფესორ ჰანს ჰილგენკამპთან დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და არაერთი შეხვედრა ჩაატარეს კვლევით ლაბორატორიებში, რომლებსაც პროფესორი ჰილგენკამპი ხელმძღვანელობს. „პროფესორ ჰილგენკამპის ლაბორატორიები საერთაშორისო კვლევითი ცენტრებია, რომლებიც აერთიანებს მყარი სხეულის ფიზიკას, ნანოტექნოლოგიებსა და მოწინავე საინჟინრო მეცნიერებებს. ამ ცენტრებში იქმნება ინოვაციური მასალები, რომლებიც საფუძვლად უდევს კვანტური კომპიუტერებისა და ნეირომორფული გამოთვლითი სისტემების განვითარებას, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ენერგოეფექტიანი ხელოვნური ინტელექტისა და მომავლის მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემების შექმნაზე. ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ ამ კვლევით ცენტრებში - პროფესორებთან: მარკ ჰუიბენთან, იურიან შმიცთან, ჰანს ვან ოორტთან, მენო ბოკდამთან, კლაუდია ფილიპისთან, სისსი დე ბეერთან, ჰაროლდ ზანდვლიტთან, მუჰარემ ბაირაქტართან, რობ ლამერტინკთან, კრისტიან ნეიჰაუსთან, პეპეინ პინკსესთან, რებეკა საივთან. ყურადღება დავუთმეთ სამომავლო კვლევითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ არაერთ თემას, როგორიცაა: ფუნქციური ოქსიდური თხელი ფენებისა და ატომური სიზუსტით მასალების ზრდისა და კონტროლის კვლევები; ნახევარგამტარული მოწყობილობები და მიკროჩიპების ფიზიკის საკითხები; გამოყენებითი ზეგამტარობა ენერგეტიკულ სისტემებში; სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია (DFT) და მანქანური სწავლება, რაც ახალი მასალების თვისებების პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა; Quantum Monte Carlo მეთოდები და მოლეკულური სიმულაციები, რომლებიც ბიოლოგიურ სისტემებში სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედების შესასწავლად გამოიყენება; ქიმიური ინჟინერია და პოლიმერული მასალები; EUV ოპტიკა და ლითოგრაფია, მემბრანული ტექნოლოგიები და მიკროფლუიდიკა, ასევე კვანტური ოპტიკა, ფოტონიკა და სხვა. ჩვენმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რიტა დე ვილდე-ბრინკთან. განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურების შესაძლებლობები. მონაწილეობა მივიღეთ ICE (Interfaces and Correlated Electron Systems) და QTM (Quantum Transport and Matter) კვლევითი ჯგუფების ერთობლივ სემინარში. წარვადგინეთ მოხსენება - „ლაზერული მეთოდით სინთეზირებული კვანტური მასალები“, რასაც მოჰყვა აქტიური სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებისა და სემინარების დროს წარვადგინეთ ჩვენი კვლევითი შედეგები, მათ შორის: „ნანობიოლოგიური ანსამბლების სტრუქტურული თავისებურებების გააზრების ფრაქტალური კონცეფცია“; „ნანობიონაწილაკების ვიბრაციული თვისებები და რეზონანსული თერაპიის კონცეფცია“; „ბორ-10 იზოტოპით გამდიდრებული ნახევარგამტარული სენსორული სისტემები“ და „ფოტოვოლტური გამოყენებისთვის ნახევარგამტარ-გრაფენული ნანოსისტემე­ბის კვლევა“, - აცხადებს პაატა კერვალიშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, ტვენტეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პირველი სამუშაო ვიზიტი წარმოაჩენს ორივე მხარის მნიშვნელოვან პოტენციალს მოწინავე სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდელი კოლეგებისა და სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მრავალმხრივი და ნაყოფიერი სამომავლო პარტნიორობის საფუძველს ქმნის.

ბოლო სიახლეები