სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ანა ნაცვლიშვილს პასუხობს. დიმიტრი ხუნდაძე, COVID-თან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობეზე საუბრობს. „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან. რადგან კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო. კომიტეტი ასევე ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და ყველა სხდომის შემდეგ იმართება საინფორმაციო ბრიფინგები. აღარ ვსაუბრობ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობაზე. რომ არ ჩავთვალოთ, რომ დავიზარე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კომიტეტის აქტივობებს ამ მიმართულებით: 1. 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მუშაობაში, როგორც ამ საბჭოს წევრი დღემდე, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის თავმჯდომარე. ყოველი საბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ კი იმართება საინფორმაციო ბრიფინგები. 2. კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით პანდემიის დაწყებისთანავე ხორციელდებოდა რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი, მდგომარეობის შესწავლა და ადგილზე რჩევების მიცემა. 3. 2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიეცა უფლება დაედგინა იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, ასევე განესაზღვრა შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც. 4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში 2020 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, სადაც შემუშავებული იქნა COVID 19-ით (დადასტურებული ან საეჭვო) პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და სტაციონარიდან გაწერის კრიტერიუმები, რომელიც გადაეგზავნა რეკომენდაციის სახით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 5. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, 2021 წლის იანვარში შეხვდნენ კლინიცისტებს: ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, ზურაბ უტიაშვილს, მაია ბუწაშვილს, ბიძინა კულუმბეგოვს და დარგის სხვა სპეციალისტებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა გამოწვევებს, ხარვეზებს და მისი გადაჭრის გზებს. 6. 2021 წლის 28 იანვარს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დროებითი წესი, რაც ითვალისწინებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხის დარეგულირებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რაც მნიშვნელოვანი იყო კოვაქს პლათფორმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ვაქცინების მისაღებად. 7. 2021 წლის 17 თებერვალს შეხვედრა შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან, ხოლო 22 თებერვალს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან. ასევე შეხვედრა გაიმართა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორ – ჰანს კლუგეთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პანდემიასთან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები. 8. 2021 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად გულისხმობდა პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას. 9. კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის ხელშეწყობით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის განწყობის შესწავლა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 10. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იყო ჩართული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, მათ შორის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების საქართველოსთვის დროულად მიწოდების საკითხი მან განიხილა ყველა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრისას, მათ შორის, 2020 წლის 21 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან, 2021 წლის 9 თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვებლერთან, 2021 წლის 15 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან ენდი მორტონთან, 2021 წლის 16 თებერვალს, ეუთოს თავმჯდომარესთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ან ლინდესთან და 2021 წლის 1-ელ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სირთულეები ნაკლები ზიანით დავძლიოთ და სწრაფად დავიწყოთ ვაქცინაცია, პროცესი მაინც ჭიანურდება. საქართველომ მის მიმართ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, მაგრამ კოვაქს პლატფორმის მიერ დაპირებული ვაქცინა ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, რაზეც განმარტება კოვაქს პლატფორმის ხელმძღვანელმა პირებმა და ვაქცინის მწარმოებლებმა უკვე გააკეთეს. მიუხედავად შეფერხებისა, ვაქცინაცია საქართველოში უმოკლეს დროში დაიწყება. მთავარია, შემდეგ არ ვთქვათ უარი ვაქცინაზე“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე. რა გააკეთეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და ორმა კონკრეტულმა უწყებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად შემოსულიყო? – სწორედ ამ შინაარსის კითხვა გაუგზავნა 9 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი იქნებაო, მაგრამ ლავროვთან მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის შეხვედრას, რომლის შემდეგ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია.კალასის თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს.„რუსეთის ეს კომენტარები აბსურდულია. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი ამის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკების დროს პარტნიორის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან, ძალიან ნათელია“, – განაცხადა კაია კალასმა.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სატოში მიჰარას ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებას და ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას უკავშირდება.სტუ-ის რექტორის თქმით, უმაღლეს საინჟინრო სკოლასთან სატოში მიჰარას ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მხოლოდ კვლევით პროექტებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, მიმდინარე წლის ივნისში იაპონელმა მეცნიერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საჯარო ლექცია - „KEK-ისა და J-PARC-ის მიმოხილვა: ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები და ამაჩქარებლების განვითარება იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) - გამართა.„სატოში მიჰარასთან შეხვედრას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის არა მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებული მეცნიერი, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების, ინჟინრებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობა KEK-ისა და J-PARC-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მათ შორის COMET ექსპერიმენტში. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართველი მეცნიერები ჩაერთონ როგორც თანამედროვე ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებში და იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან ერთად.ჩვენი მიზანია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო პროექტებით არ შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია ახალი ერთობლივი კვლევების განხორციელება, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს. პროფესორ სატოში მიჰარას გამოცდილება და მისი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სამეცნიერო საზოგადოებას შორის“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (KEK) შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება J-PARC-ში განხორციელებული COMET-ის ექსპერიმენტია. აღნიშნულ საერთაშორისო კვლევით პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ინჟინრები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ. თანამშრომლობის ფარგლებში სტუ-ის მკვლევრები ჩართულნი არიან თანამედროვე დეტექტორული სისტემების შექმნასა და განვითარებაში, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ

მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, ჩუმად მინდა ვუთხრა, ტუჩები წაიკითხონ – დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.სააკაშვილის თქმით, დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია.„მე არავის არ მოვუწოდებ ხელისუფლების დამხობისკენ, უამრავი ადამიანი ჰყავთ ამ მოწოდებით დაპატიმრებული. უბრალოდ გეუბნებით მამაშვილურად, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს. ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან, პარლამენტში ინიცირებულია

ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ბოლო სიახლეები