პარასკევი, მარტი 6, 2026

დიმიტრი ცქიტიშვილი – პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან

ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს – ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა.

პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება.

„4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გამოვიდა. ნაწილი ციხეში, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებში, ნაწილი რევოლუციაში და სულ ყველამ წააგო. ეს იყო პოლიტიკური პარტიების ფიასკო, თუმცა პროტესტი გრძელდება. ფიასკო იყო იმიტომ, რომ 4-5 სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. არ შედგა არც არჩევნებში მონაწილეობით დამარცხება, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ფაქტობრივად გაინადგურეს თავისი ელექტორალური ბაზა. ბოიკოტიც ვერ შედგა, რადგან როგორც მინიმუმ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ე.წ. გამოცხადებული რევოლუციაც არ შედგა იმიტომ, რომ ლიდერები არიან ციხეში, პროვოკაციას აყოლილი ხალხი არის ციხეში და ისინი კიდევ ცალკე საშველები არიან. რაც შედგა, ეს არის პარტიათა დაქსაქსულობა, რომელმაც მოიტანა ეს შედეგი.

პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ პროტესტს დიდად გულზე არ ეხატება პოლიტიკური პარტიები, პროტესტი არ გამქრალა. პროტესტი არის სულის გამოძახილი რაღაც უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ასევე კარგი იქნება თუ გარკვეული ოპოზიციური პარტიები „გამსხვილდებიან“.

„მე რამდენადაც ვიცი, კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის. თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, ეს უნდა იყოს ძალიან ასიმეტრიული. ეს შეიძლება იყვნენ ახლად წარმოჩენილი ლიდერები სამოქალაქო მოძრაობებიდან. პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად ყველა გათანაბრდა. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული ერთობა თუ კოორდინაცია ჯგუფების და ადამიანების, რომელმაც უნდა იბრძოლოს ერთიანი სტრატეგიით. შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდეს კიდეც, ძალიან კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან. მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ხელისუფლებას უმძიმესი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და მასზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლებაა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში ომი არ გააფართოვოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში ომი „არ გააფართოვოს“. ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი ლიბანის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტრანსპორტიორებს, ოპერატიულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას მიაწვდის.მაკრონი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელის მიმართულებით სროლა, დაყაროს იარაღი და „აჩვენოს, რომ არ არის საზღვარგარეთიდან ბრძანებების მიმღები მილიცია“.საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს ლიბანში ჯარების ადგილზე განთავსებისგან ან „ფართომასშტაბიანი ოპერაციის“ დაწყებისგან.„ლიბანის ხელისუფლებამ მომცა ვალდებულება, რომ აკონტროლოს „ჰეზბოლას“ მიერ დაკავებული პოზიციები და სრულად აიღოს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე მთელ ეროვნულ ტერიტორიაზე. მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. საფრანგეთი გააძლიერებს თანამშრომლობას ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან და მიაწვდის მათ ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე ოპერატიულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას“,- განაცხადამაკრონმამისი თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ იმისთვის, რომ ლიბანი „კიდევ ერთხელ არ ჩაითრიოს ომში“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა.„ჩვენ უკვე ნოემბერში შევიკრიბეთ პრემიერ-მინისტრთან ძალიან პატარა ფორუმზე და პრემიერ-მინისტრმა დაისახა მიზანი – ხამენეის განადგურება“, – განუცხადა კაცმა ისრაელის N12 ტელევიზიას.მისი თქმით, აიათოლას მოკვლა 2026 წლის შუა პერიოდი იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გეგმა საბოლოოდ ვაშინგტონს გაუზიარეს და იანვარში, ირანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ირანს შესაძლოა, აშშ-სა და ისრაელზე იერიში მიეტანა, ამიტომაც ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმა დაჩქარდა.ცნობისთვის, ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია ირანის ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკური რაკეტების პროექტში არსებული ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა და რეჟიმის შეცვლა. „როიტერი“ წერს, რომ ირანის მმართველებმა ჯერჯერობით ძალაუფლების დათმობის არანაირი ნიშანი არ გამოავლინეს.ირანის სახელმწიფო მედიამ პირველ მარტს დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

კაია კალასი – ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ახლა რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ომში

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ „ირანი ომის ექსპორტიორია“ და და ის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს.შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან ერთად ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა აღნიშნა, რომ ამჟამად ირანის რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. მისი თქმით, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს აქვთ მექანიზმები, რომლებიც წევრებს საშუალებას აძლევს, გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა დახმარება სხვა წევრი ქვეყნებისგან.„ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ამჟამად, რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. თუმცა, ირანი მარტო იბრძვის და მისი სამხედრო შესაძლებლობები განუსაზღვრელი არ არის. არავინ იცის, რას უმზადებს ირანს მომავალი. როგორც წესი, რეჟიმები შიგნიდან ინგრევა და არა გარედან. ირანი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ირანელ ხალხს აქვს შანსი, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ ვეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად, რომ ის უფრო შორს არ წავიდეს, რადგან რეგიონს კიდევ ერთი ომი არ სჭირდება“- განაცხადა კალასმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ირანში მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ, კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ „ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადიან“.IDF-ის შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის თქმით, ეს „რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო დაანგრევს“, რადგან აშშ და ისრაელი ერთობლივი ოპერაციით ირანზე ზეწოლის გაზრდასა და მის კიდევ უფრო დასუსტებას ცდილობენ.ზამირის თქმით, ისრაელი ირანს ექვსი დღის განმავლობაში „შეუჩერებლად“ ურტყამს და ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.„მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ დავამყარეთ საჰაერო უპირატესობა და ჩავახშეთ ბალისტიკური რაკეტების მასივი, ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ. ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, რომელთა გამხელას არ ვაპირებ“,- განაცხადა ზამირმა.

მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო სიახლეები