საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტს გენდერული კვოტირების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში თავი იჩინა არაერთმა შემთხვევამ ოჯახში ძალადობისა და ქალზე ძალადობის მიმართულებით. ეს ფაქტი შეიძლება ადრე უფრო დამალული იყო, მაგრამ დღეს უფრო თვალსაჩინო გახდა და ბევრი ტრაგიკული შემთხვევის მომსწრე გავხდით. ბუნებრივია გენდერული კვოტირება პირდაპირ არ უკავშირდება ამ საკითხს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს პარლამენტის მხრიდან, პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რომ მთელ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ჩვენ ამ პრობლემას – ქალთა დისკრიმინაციის საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა არის არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხი იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და თუნდაც ფემინიციდის კუთხით საქართველოში არსებობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.