შაბათი, მარტი 1, 2025

დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მოთხოვნის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მოთხოვნის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გასულ წელს ბრიტანეთში თავშესაფარი 108 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, რაც ასეთი სტატისტიკის წარმოების დაწყების შემდეგ (2001 წელი) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს თავშესაფრის მიღების თაობაზე შეტანილი განაცხადების რაოდენობა (108 138) 18 პროცენტით აღემატება, წინა, 2023 წელს წარდგენილ მოთხოვნას (91 811 განაცხადი), წინა რეკორდი კი 2002 წელს დამყარდა, როდესაც გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მიღებაზე 103 081 განაცხადი გაკეთდა. ამ სტატისტიკურმა მონაცემებმა მას შემდეგ მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება, რაც ამ თვეში პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიგრაციის წესების გამკაცრების პირობა გასცა. ახალი წესები თითქმის შეუძლებელს გახდის თავშესაფრის მიღებას არალეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში პატარა ნავებით ლა-მანშის სრუტის გადაცურვის გზით შედიან.

სტარმერის ლეიბორისტული მთავრობა დიდი ზეწოლის ქვეშ (მიგრაციის შემცირების კუთხით) მას შემდეგ იმყოფება, რაც ნაიჯელ ფარაჯის ანტიმიგრაციულმა პარტია „Reform UK“-მა ბოლო საყოველთაო არჩევნებზე დაახლოებით ოთხი მილიონი ხმა მოიპოვა, რაც ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტიისთვის უპრეცედენტო შედეგია. უახლესი მონაცემების თანახმად, გასულ წელს თავშესაფრის მაძიებელთა შორის სჭარბობდნენ პაკისტანელები (10 542 პირი), რომლებმაც მიგრანტთა საერთო რაოდენობის 9.7 პროცენტი შეადგინეს. ასევე მნიშვნელოვნად მოიმატა ვიეტნამელი მოქალაქეების განაცხადების რაოდენობამ, რომელიც გაორმაგდა და 2 469-დან (2023 წელი) 5 259-მდე გაიზარდა. გასული წლის ივლისში თანამდებობის დაკავებისას, სტარმერმა უარი თქვა თავისი კონსერვატორი წინამორბედის, რიში სუნაკის გეგმაზე, რომელიც მიგრანტთა ნაკადის შეკავებას ახალი ჩამოსულების რუანდაში დეპორტაციის გზით აპირებდა.

ამის ნაცვლად, მან „ბანდების განადგურების“ პირობა დადო. საზღვრის უსაფრთხოებისა და თავშესაფრის მინისტრმა, ანჯელა იგლმა განაცხადა, რომ მთავრობა თავშესაფრის მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებაზე და იმ პირების იძულებით დეპორტაციაზე მუშაობს, ვისი განაცხადიც არ დაკმაყოფილდება. 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, თავშესაფრის განაცხადზე პირველად გადაწყვეტილებას გაერთიანებულ სამეფოში 124 802 მიგრანტი ელოდებოდა. „ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ, რომ შემცირდეს ლეგალური მიგრაციაც, რომელიც წინა მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში გააოთხმაგა“, – აღნიშნა იგლმა.

2024 წელს ლეგალური მიგრანტების რაოდენობა 728 000 იყო, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან (906 000) შედარებით, გარკვეულწილად შემცირებულია. ამის მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში ლეგალური მიგრაციის დონე მაინც მაღალ დონეზე რჩება. ამიტომ, სტარმერის მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება წინა მთავრობის მიერ დაწესებული სავიზო შეღავათები, რომლებიც აპლიკანტების მიერ ბოროტად გამოიყენებოდა. არალეგალურმა მიგრანტებმა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში გასულ წელს ლა-მანშის სრუტით ჩავიდნენ, თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 32 პროცენტი შეადგინეს.

2024 წელს ლა-მანშის სრუტე დაახლოებით 36 816 მიგრანტმა გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25-ით აღემატება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – რა თქმა უნდა, ომის შეჩერება მინდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას ცოცხალი ძალის დანაკლისი აქვს, ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე.„თუ შეგიძლიათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ახლა, გეუბნებით, რომ ისარგებლოთ ამით, რომ შეწყდეს ტყვიების ფრენა. მაგრამ ამბობთ, რომ არ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ტრამპმა.საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა: „რა თქმა უნდა, მინდა ომის შეჩერება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს“.თეთრ სახლში დონალდ ტრამპს, ჯეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა – შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.

ემანუელ მაკრონი ომის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის გამორიცხვას ევროპის შეცდომას უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირებაც დიდი შეცდომა იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელების მხრიდან შეცდომა იყო ომის დასაწყისში იმის გამორიცხვა, რომ უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ, თუმცა მაკრონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირება დიდი შეცდომა იქნებოდა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპის სტრატეგიამ არ იმუშავა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნატო ამ პერიოდში ორი ქვეყნით გაფართოვდა.„სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა მოლაპარაკება აწარმოონ გრძელვადიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება თუ მიღწეული იქნება, ევროპას მოუწევს, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა

კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დამდგარი შედეგების შესახებ წერს, რაც ომმა უკრაინას მოუტანა.მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ “ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა”.მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს.„უკრაინის ომის შედეგი: ასი ათასობით მოკლული ადამიანი, ასი ათასობით მძიმედ დაჭრილი და დასახიჩრებული, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ოჯახები და ქვეყნის მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები, სამუდამოდ განადგურებული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა (ჰესები, ბუნებრივი აირის საცავები და ასე შემდეგ), დაკარგული ტერიტორიები, აღარც ნატო, აღარც ევროკავშირი და შედეგად კიდევ 20 მილიარდი დოლარის (ეს დასაწყისია) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამერიკელებმა აიღეს კონტროლი უკრაინის იშვიათ ბუნებრივ რესურსებზე ( ამ დღეებში მოეწერება ხელი).საინტერესოა, შემდეგ ვინ დაუთვლის 20 მილიარდის წიაღისეული მოიპოვეს თუ 300 მილიარდის?! იმედია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში ვერავინ გააკონტროლებს.და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს. ასე იცის როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს და სხვის დაკრულზე ცეკვავ. თავად მას და მის გარემოცვას რა ბედი ელით, ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა. დასკვნა ერთია: ემსახურე მხოლოდ შენს ქვეყანას!“, – წერს კახიშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების შექმნის მიზნით

სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას.„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ბოლო სიახლეები