სამშაბათი, მარტი 17, 2026

დიდუბეში, ჩამათრიეს გამგეობის უკან და გამაუპატიურეს სალომე ზანდუკელი

სალომე ზანდუკელი, 22 წლის, თბილისი

რა მოხდა ქუჩაში

„ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ვიფიქრე ფეხით ჩამოვიდოდი, მითუმეტეს შიში არ მქონია, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე.

სახლისკენ რომ მივდიოდი, გზად ვიღაც ტიპი ამეკიდა – სახელს მეკითხებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. გადმოვიარე ხიდი და უკვე გამგეობასთან ვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. ძალიან გავმწარდი და მეც ასევე ვუპასუხე. რამდენიმე წუთში დავინახე, ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად მომყვებოდა უკან. ერთი ძალიან პატარა ბავშვი იყო, ხოლო მეორე – დაახლოებით, 15-16 წლის იქნებოდა. დამიჭირეს. ყვირილი იმ შუაღამით არავის გაუგია.

დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე. არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ.

წამოვდექი და იმ წამსვე პოლიციაში წავედი. პოლიციის შენობა გამგეობასთან ახლო მანძილზეა. რომ მივედი, კაბა ჩამოხეული მქონდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. პოლიციელებმა რომ შემხედეს, არ დამიჯერეს, არ გავხარ შენ სახლის გოგოსო. ძალიან გავმწარდი, ყვირილი დავიწყე, წავიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ რა და როგორ მოხდა-მეთქი.

ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ჩემი ნივთები ეყარა, ტრუსიც იქ იყო დაგდებული. ამის ნახვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო. ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო. რას ამბობ, ეს როგორ უნდა დავმალო-თქო – ვუყვიროდი.

ყველა ელოდა, რომ უნდა მეტირა, მექვითინა და დასწავლული ქცევა მქონოდა, მაგრამ არ მეტირებოდა. ბრაზი მახრჩობდა.

საბოლოოდ, საქმე აღიძრა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. შემდეგ უკვე დეტექტივებთან მქონდა ურთიერთობა, ისინი კი უკეთ მეპყრობოდნენ და დამოკიდებულებაც სხვა იყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა თავისი მობილურიც კი მათხოვა, რომელიც დღემდე სახლში მაქვს, რადგან იმ პერიოდში ყველა ჩემი ნივთი, ბარათები, ტანსაცმელი და მობილური ნივთმტკიცებებად იყო გამოყენებული. 10 წლის ბავშვი არ დაუჭერიათ, ის ორი ტიპი დაიჭირეს. არასრულწლოვანს 6 წელი, უფროსს კი 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ქალი იყო.

სასამართლო

როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს 15 წლის ბიჭი მათხოვარი იყო, მეორე ასაკით უფროს კაცს კი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა.

უფროსი ბოლომდე არ აღიარებდა, რომ გამაუპატიურა და მას მხარს მისი ქალი ადვოკატიც უჭერდა, რომელსაც არანაირი სოლიდარობა და სენსიტიურობა არ გამოუჩენია ამ ამბის მიმართ, არასრულწლოვან ბიჭზე სრული უმწეობისა და საცოდაობის განცდა მქონდა, რადგან წერა-კითხვა, საკუთარი დაბადების თარიღი არ იცოდა. საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა. ხელმოწერის ადგილას ჯვრებს სვამდა. მასთან როგორ უნდა მეკამათა საერთოდ. ვფიქრობ, დასჯასთან ერთად სხვა პრევენციის საშუალებებიც უნდა არსებობდეს. იჯდება 6 წელი ციხეში, გამოვა და მერე რა მოხდება? იქნებ, შურისძიება გადაწვიტოს? და თუ ასე მოხდა, სად უნდა დავემალო?

სასამართლო პროცესებზე ძალიან უსიამოვნო იყო, რომ მოწმეც მე ვიყავი და დაზარალებულიც. ასევე გაუპატიურებად არ ითვლება ის ქმედება, თუ უშუალო პენეტრაცია არ მოხდა. ამიტომ, პროცესზე კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა ამ ყველაფერს უცხო ხალხთან ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ. პროცესებზე დასწრება სულ მინდოდა, მაგრამ არავინ მაფრთხილებდა ხოლმე, როდის იმართებოდა, დრო თუ იცვლებოდა და ა.შ.

არასრულწლოვნის პროცესზე არ შემიშვეს, დახურული სხდომა იყო, თურმე. იმ უფროსი კაცის ოჯახმა კი შემომითვალა, საჩივარი გამოიტანე და ცოლად მოგიყვანსო.
როდესაც სასამართლომ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ამ ტიპს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მისი ცოლი შენობაში დამედევნა და თმებში მწვდა, ცემა დამიწყო.

ორსულობა

ერთი თვის თავზე მადა, მგრძნობელობა მომემატა. აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს საერთოდ შოკისმომგვრელი იყო. ბავშვის დატოვებაზე არ მიფიქრია, მაგრამ რომც მეფიქრა, გარშემომყოფებისგან იმხელა წნეხი მოდიოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, ვერ გავბედავდი. მახსოვს, ახლობელი, ასაკით დიდი ქალი, მელაპარაკებოდა და მკითხა: რა გინდა, ნაბიჭვარი უნდა გაზარდოო?

აბორტი გავიკეთე. ყველაფერს ის ფაქტიც აფუჭებდა, რომ ჩემი ყველა ბარათი, სადაც თანხა მქონდა დარიცხული, პოლიციაში იყო. ფაქტობრივად ისეთი დღეებიც ყოფილა, რომ სახლში საჭმელიც არ გვქონია. რომ არა ჩემი ნათესავი, რომელიც ფულით დამეხმარა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გაუპატიურებით დაზარალებულებს, აბორტის შემთხვევაში, თანხით უნდა ეხმარებოდეს.

მახსოვს, ჩემი ამბავი სტატუსად დავწერე ფეისბუქზე, რადგან ამაზე ლაპარაკი მჭირდებოდა. ვფიქრობ, ქალები ასეთ ისტორიებს არ უნდა მალავდნენ და მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ მსგავსი ამბების შესახებ. სტატუსი “ჟურნალისტმა” ირაკლი მამალაძემ ნახა ფეისბუქზე და ჩემი ისტორია, მაინც გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში გამოქვეყნებაზე უარს ვუცხადებდი. სტატიას ფოტო ედო, რომელზეც სიბნელეში მჯდარი, თავჩაქინდრული გოგო იყო გამოსახული. ირაკლი მამალაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლე და 6 მუხლიდან 5-ში მოვუგე.

დედა

როდესაც ეს ამბები მოხდა, მე და დედა ვცხოვრობდით მარტო სახლში. დედას 5 წელი ალცჰაიმერი სჭირდა. სანამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, სულ კონფლიქტი გვქონდა, რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, მე კი ვერ ვხვდებოდით თავიდან რა იყო ეს.

ტელევიზორის წინ გავლა არ შეიძლებოდა, რადგან ტელევიზორიდან გვიყურებდნენ. სურათები ელაპარაკებოდნენ, მამას დაწერილი ხატები კი რაღაცებს პარავდნენ.

ხშირად, საათობით სარკეში ელაპარაკობდა საკუთარ თავს. ერთხელ, მეზობელთან წყალი ჩაუშვა, მე ამ დროს არ ვიყავი სახლში, ჩემი არყოფნისას კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. სწორედ იქ გავიგე, რომ ალცჰაიმერი ჰქონდა.
დროთა განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო ალოგიკური გახდა მისი ქცევები, თუმცა მისი სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდა, რადგან საკუთარ თავს არაფერს დაუშავებდა, საკუთარი ხასიათის თვისებები სულ დაკარგა, თუმცა უფრო გულუბრყვილო და საყვარელი გახდა.

იმ ღამეს, როდესაც გამაუპატიურეს, სახლში მივედი, აბაზანაში შევედი, ვიბანდი. დედა შემოვიდა და ნახა, სულ სისხლჩაქცევები და დალურჯებები რომ მქონდა. მკითხა რა მოხდაო. მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. დიდხანს იტირა, ერთ საათში კი თავიდან მკითხა: რა მოგივიდა, ქუჩაში ჰო არ დაეციო.

დედა ცოტახნის წინ კომაში ჩავარდა და ორი თვე გაატარა საავადმყოფოში. ერთი კვირის წინ კი გარდაიცვალა.

ხალხი

ის, რაც თავს გადამხდა, არ დამიმალავს. ყველას მოვუყევი რაც მოხდა. გაოცებული დავრჩი, როდესაც ძალიან ბევრი ქალისგან მოვისმინე ჩუმად ნათქვამი იგივე ამბები. ქალებისგან, რომლებმაც მაშინ დუმილი ამჯობინეს, ან მოძალადეზე დააქორწინეს. ისეთ ადამიანებზე გავიგე, რომ მსგავსი ჰქონდათ გამოვლილი, ვისზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები იყო: მეგობრები სულ გვერდში მყავდნენ, მოდიოდნენ და ისე ხდებოდა, რომ სულ ისინი ტიროდნენ ჩემს ამბავზე, მე კი ვამშვიდებდი. სამსახურშიც დავდიოდი, სადაც არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს და მოვალეობის განცდამ ბევრი ცუდი რაღაცისგან მიხსნა. იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელმაც მითხრა, შენს ადგილას თავს მოვიკლავდიო. ეს ალბათ ყველაზე საშინელი გადასატანი იყო ჩემთვის. ამას ისიც დაემატა, რომ დამადანაშაულა, ჰო გაფრთხილებდი პნევმატური იარაღი გეყიდა და იმით გევლო, თავს მაინც დაიცავდიო. ზოგი ახლობელი მეუბნებოდა, არავის უთხრა ეს ამბავი, თავს ნუ გაიუბედურებო. ამის მთქმელებს ძალიან გაბრაზებული ვუღრიალებდი, როგორ მიბედავთ ამის თქმას საერთოდთქო. საოცარია, კიდევ აქეთ უნდა იდანაშაულებდე თურმე თავს და კიდევ აქეთ უნდა გრცხვენოდეს. რა გამოდის, რომ ისევ მე ვარ დამნაშავე? კულტურასა და ლიტერატურაშიც გაუპატიურებულ ქალს ნამუსახდილს უწოდებენ, თითქოს კიდევ შენ არ გაქვს ნამუსი და არა მოძალადეს. არც ამ ამბის შემდეგ რეალიზებული ქალის მოდელი არსებობს. ყველა მათგანი ან თავს იკლავს ან ცხოვრება ენგრევა. არადა ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება გააგრძელო, იბრძოლო და გადარჩე. ბრძოლა ბევრი და ხანგრძლივი იყო. დეპრესიასთან, უძილობასთან, საშინელ სიზმრებთან გამკლავება დღემდე მიწევს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მსხვერპლი კი არა, გადარჩენილი ვარ.“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად

ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.„რაც შეეხება ჭიათურის მანგანეზს, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხზე გვაქვს მუდმივი განხილვები და თქვენი შუამავლობის გარეშე მივხედავთ ამ საკითხს.მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს, ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს უამრავი წელია. პრობლემურია თავისი შინაარსით, გლობალურად ფასებია დაცემული მანგანეზზე და არის უამრავი პრობლემა, რის გამოც მოგებაზე ვერ გადის. ვერც მაშინ გადიოდა, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერც დღეს გადის. არც მისი ბრალი იყო და არც ჩვენი, რადგან ობიექტური მიზეზები აქვს. ფასები ბოლო წლების განმავლობაში არის ბევრად შემცირებული წიაღისეულზე, რის გამოც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მოგებაზე გასვლა. ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და ჩვენი ირიბი, ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი სუბსიდირების ქვეშ არის ეს საწარმო იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და როგორმე მოხერხდეს მათთვის შესაბამისი სოციალური პირობების შექმნა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავს.

დონალდ ტრამპი – ირანი მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანაზე ისვრის რაკეტებს, ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მეზობელ ქვეყნებზე იერიშების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანაზე ისვრიან რაკეტებს. ისინი ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ“, – აცხადებს ტრამპი.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სულ რომ სცოდნოდა იმის შესახებ, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე იერიშებს განახორციელებდა, ირანის წინააღმდეგ ომს მაინც დაიწყებდა.„გავიგე, რომ ისინი გაერთიანებულ საამიროებს რაკეტებს ესროდნენ. ვთქვი, ეს უცნაურია, არა? გაერთიანებული საამიროები ირანის ბანკირივითაა. ბანკირი, ასე ვთქვათ. კატარი, მათთან კარგად იყვნენ. მერე კი უცებ საუდის არაბეთი. ქუვეითი, ქუვეითს ურტყამენ. ბაჰრეინს ურტყამენ. ყველა ამ ქვეყანას ურტყამენ. ვერც ერთი ექსპერტი ამას ვერ იწინასწარმეტყველებდა. და საქმე იმაში არ არის, უნდა გვცოდნოდა თუ არა. თუნდაც გვცოდნოდა, მაინც ის უნდა გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია“, – თქვა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე – მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის...

200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.„რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, ბუნებრივია, ეს ადამიანები უფრო ადრე იქნებოდნენ დაკავებული და დაპატიმრებული. თუმცა, ამ შემთხვევაში წინ უნდა გავიხედოთ. რაღაც ეტაპზე არ იყო ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, მიზეზი კორუფცია იყო თუ სხვა რამ იყო, ამას ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება ეფექტურობას, აქ იყო სერიოზული ჩავარდნა. თუმცა, აქაც წინ ვიხედებით. ისევე, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში, მიგრაციაც ხშირად გვიხსენებია. ათი წლის განმავლობაში რამდენიც იყო გაძევებული არალეგალი მიგრანტი, იმდენი არასრულ ერთ წელიწადში გააძევა შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. ორგანიზებული დანაშაული – აქაც იყო სერიოზული პრობლემები თბილისში, თუმცა არა მარტო. აქაც გადამჭრელი ზომები მიიღო შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. რაღაც ეტაპზე იყო სერიოზული ჩავარდნები, თუმცა ეს ყველაფერი გამოვასწორეთ შსს-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად და მთავარი ეს არის. ავიღოთ ნებისმიერი თემა, ქოლცენტრი იქნება, ნარკოტიკული დანაშაული თუ ნებისმიერი სხვა თემა, კონკრეტული ფაქტები გვითხარით. რაც შეეხება კონკრეტულ ქოლცენტრს, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, ეს ქოლცენტრი არ არსებობს. ჩვენი ღიაობა ამით არის გამოხატული – გვითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი და მერე ვნახოთ, გვექნება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერის თქმით, რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, სასამართლოს მიმართ ნდობა იზომება სოციოლოგიური კვლევებით და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ენდობა საქართველოში სასამართლოს.„მოიტანეთ ნებისმიერი სასამართლოს საქმე, სადაც გაქვთ კითხვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. როცა ეს მთელი კამპანიები წამოიწყეს კლანთან დაკავშირებით და ა.შ., მაშინაც ვეუბნებოდით. დარწმუნებული ვარ, პრობლემური საქმეები, რა თქმა უნდა, იქნება სასამართლოში, მაგრამ როდესაც ბრალს გვიყენებენ პოლიტიკურად სასამართლოსთან დაკავშირებით, უსამართლობასთან დაკავშირებით, მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით, როგორც აქ მიდის საუბარი, რომ რაღაც ყალბი ბრძოლაა და ა.შ., კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა დავა. ნული საქმე. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომ არის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა, მიუხედავად ამხელა შტურმისა, მიუხედავად ამხელა შეტევისა, არის 50 პროცენტზე მაღალი. ეს არის მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ – მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. თუ არა და საზოგადოება დაინახავს, რამდენად მართალია ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კვლევა-ხელოვნურმა ინტელექტმა პარკინსონი, შესაძლოა, 7 წლით ადრე აღმოაჩინოს

გეტინგენის უნივერსიტეტმა პარკინსონის პროგნოზირებისთვის ინოვაციური სისხლის ტესტი და ხელოვნური ინტელექტი შექმნაგეტინგენის უნივერსიტეტი-ის მკვლევარებმა ახალი მეთოდი შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა პარკინსონის დაავადება წინასწარ, ჯერ კიდევ შვიდი წლით ადრე პროგნოზირდეს. ეს ინოვაცია გულისხმობს სისხლის ტესტის გამოყენებას ბიომარკერების დასადგენად და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მეშვეობით მონაცემთა ანალიზს.პარკინსონის დაავადება ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომლის დიაგნოსტიკაც ტრადიციულად მხოლოდ მოტორულ ნიშნებზე დაკვირვებით ხდება, როცა ტვინი უკვე დაზიანებულია. ახალი მეთოდის წყალობით შესაძლებელია დაავადების ადრეული გამოვლენა, რაც საშუალებას მისცემს ექიმებს დაავადების განვითარებამდე ჩარევის შესაძლებლობა ჰქონდეთ.„დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. თუ სხეულის უჯრედები უკვე დაზიანებულია, შემდგომში მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება“, — განაცხადა პროექტის ავტორმა, პროფესორმა კევინ მილმა.კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებსაც ქცევის დარღვევის სინდრომი (iRBD) აღენიშნებოდათ. მსგავსი პაციენტების დაახლოებით 75–80%-ს საბოლოოდ სინუკლეინოპათია უვითარდება, რაც ხშირად პარკინსონის დაავადების განვითარების წინაპირობაა.მკვლევარებმა პაციენტებს ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღებული პროგნოზები მაღალ სიზუსტეს აჩვენებდა — 16 პაციენტიდან 7 წლის შემდეგ პარკინსონი 7 პაციენტს განუვითარდა. კვლევაში განმარტებულია, რომ ეს შესაძლებლობას იძლევა თერაპიის ადრეულ ეტაპზე დაწყებას, რაც დაავადების განვითარებას შეანელებს ან შესაძლოა თავიდან აგვაცილოს.პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი ტესტის ფართო ხელმისაწვდომობისთვის დაახლოებით 18–დან 20 თვის განმავლობაში იქნება საჭირო კლინიკური ტესტირება, თუმცა საბოლოო განახლება დამოკიდებული იქნება დაფინანსების სისწრაფესა და კვლევის პროცესზე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications, სადაც აღინიშნა, რომ ბიომარკერების და ხელოვნური ინტელექტის კომბინაცია პარკინსონის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის გარე რევოლუციას წარმოადგენს.

პაკისტანმა ქაბულზე იერიში მიიტანა

პაკისტანმა ქაბულზე იერიში მიიტანა. როგორც „თალიბანი“ აცხადებს თავდასხმა სარეაბილიტაციო კლინიკაზე მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალს პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს სდებს და ეს სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულია, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს. პაკისტანში მომხდარზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

ბოლო სიახლეები