შაბათი, მარტი 29, 2025

დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი დღის „დედამიწის საათის“ მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნათია თურნავა – ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს

ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მსხვილი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.„ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებელს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სანამ იქნება რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატის და ასე შემდეგ – გურამ მაჭარაშვილი

სანამ იქნება რეჟიმი, „ნაციონალური მოძრაობა“ - სამართლებრივად, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატისა და ასე შემდეგ, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.„სანამ იქნება რეჟიმი, „ნაციონალური მოძრაობა“ - სამართლებრივად, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატისა და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ შემთხვევაში დასასრული იქნება იმ დროს, როდესაც შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც დარწმუნებული ვარ და მგონი, საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ იქნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის რეჟიმი, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს - სწორედ იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რაც ქართულ და საერთაშორისო სასამართლოებს გადაწყვეტილებებში აქვთ პირდაპირ მითითებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მოგეხსენებათ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

18 წლის ქართველი მეკარე ბელგიურ კლუბში ჩაირიცხა – გიორგი ყავლაშვილი „უნიონ სენტ-ჟილეში“ ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ყავლაშვილი კარიერას ბელგიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „უნიონ სენტ-ჟილეში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.„გიორგი ყავლაშვილმა „უნიონ სენტ-ჟილესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ეს ბელგიაში დაბადებული ქართველი მეკარისთვის პირველი პროფესიული ხელშეკრულებაა. 18 წლის ყავლაშვილი ახალ კლუბში გადასვლამდე „ვესტერლოსა“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი – ყავლაშვილი გუნდის მეოთხე მეკარე იქნება. მოგესალმებით, გიორგი“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გიორგი ყავლაშვილი ქართველი ემიგრანტების ოჯახშია გაზრდილი, მან საფეხბურთო კარიერა ბელგიაში დაიწყო. თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელების ნაკრებში, ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის წევრია.

პრემიერი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და მუსლიმ თემთან ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოს შესახებ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე საქართველოზე დასმულ შეკითხვაზე პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ შეკითხვას დაუბრუნდება და პასუხი ექნება.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან. საპასუხოდ ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას დაუბრუნდებოდა.„მე მსურს ამაზე გიპასუხოთ. ჩვენ ამას დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – აღნიშნა ტემი ბრუსმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ტემი ბრიუსს აღარ უსაუბრია.

ბოლო სიახლეები