საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ის უჩვეულო ფორმატში მიმდინარეობდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ეთერში ზალკალიანმა განაცხადა, კონფერენციის მონაწილეების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. ზალკალიანის თქმით, მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება მსჯელობდა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს.
„წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია აბსოლუტურად უჩვეულო ფორმატში მიმდინარეობდა, გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია უკრაინის გარშემო. გასაკვირი არ არის, რომ მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება და მსოფლიოს ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველა მსჯელობდა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და პროცესი არ განვითარდეს უმძიმესი სცენარით, რასაც შეიძლება, მოჰყვეს ომი, დაპირისპირება და რამაც შესაძლოა, მთლიანად საფრთხის ქვეშ დააყენოს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიების დროს საქართველომ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.
ამასთან, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კონფერენცია ფოკუსირებული იყო უკრაინაზე, საქარველოს თემატიკა აქტუალური იყო და გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით ცალკე დისკუსია გაიმართა. ზალკალიანის თქმით, კონფერენციაზე გახმოვანებული იყო ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივა, რასაც ყველა პარტნიორი მიესალმება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ღონისძიებას ვესწრებოდით და ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველა იმ დისკუსიის დროს, რომელიც გაიმართა. ერთი საკითხი მინდა, გამოვყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი კონფერენცია ფოკუსირებული იყო უკრაინაზე, ჩვენ მაინც ცალკე პანელ-დისკუსია დაგვეთმო და საუბარი იყო იმ გამოწვევებზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებობს. საუბარი იყო ამ გამოწვევების გამკლავების მეთოდებზე, საშუალებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს და რომელიც იყო წარმოდგენილი, გახმოვანებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის სახით. ამ ინიციატივას ყველა ჩვენი პარტნიორი მიესალმება და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ დამატებით მნიშვნელობას და ფუნქციას შესძენს ჩვენს ქვეყანას, მთლიანად რეგიონს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს სწორედ ჩვენი გარე საზღვრებიდან.
ეს ფორუმი და დისკუსია იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი. მას ესწრებოდა ეუთო-ს გენერალური მდივანი, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი, ჩვენი მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ვისაუბრეთ სწორედ პრემიერ-მინისტრის მედიაციით დაწყებულ პროცესზე, რომელიც დაიწყო, შემდეგ განვითარდა, რომელმაც მოიტანა შემდგომი კონკრეტული შედეგები. ასევე ვისაუბრეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ ახალი ინიციატივებით, ახალი კონტრიბუციით, შესაძლებელი გახდეს ჩვენი ქვეყნის, მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის და ფუნქციის აწევა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იმისთვის რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეები. ასევე უკრაინის მიმართ საზოგადოებამ იხილა ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილები და ჩვენი სოლიდარობა, რომელიც გამოხატული იყო არა მხოლოდ სიტყვებით და განცხადებებით, თუნდაც იმ კონკრეტული შეხვედრით, რომელიც გაიმართა ჩემსა და უკრაინელ კოლეგას შორის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.