ხაზარაძე რაც მეტ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო დაჩქარდება მისი პოლიტიკიდან წასვლის პროცესი, ჯარი აპოლიტიკური ინსტიტუციაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისთვის სამშობლო გაუგებარი ცნებაა.
„რაც მეტ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო დაჩქარდება პოლიტიკიდან ხაზარაძისა და გახარიას წასვლის პროცესი. ჯარი ის ინსტიტუციაა, რომელიც აპოლიტიკურია და უნდა იყოს. ჯარი ქვეყანას და სამშობლოს ემსახურება, თუმცა მათ აღიარეს, რომ მათთვის სამშობლო მხოლოდ ემოციაა და გაუგებარია სამშობლოს ცნება. რა გასაკვირია, რომ ხაზარაძე ასეთ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: „მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.