იმედია, არჩევნების შემდეგ დიპლომატები დაფიქრდებიან და როგორმე გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ „მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყეს, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ მცდარი პოზიცია და გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, უცხოელმა დიპლომატებმა ამოწურეს რესურსი, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობა გააგრძელონ.
„უცხოურმა ძალამ და მათმა აქაურმა დიპლომატებმა ის რესურსიც კი ამოწურეს, რაც შეიძლება, აზიანებდეს იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარმოადგენენ. ყველაფერი გააკეთეს – რადიკალური პროცესები წაახალისეს, შიდა პოლიტიკაში ჩაერივნენ და ა.შ. თურმე საფრანგეთის პრეზიდენტი წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა საფრანგეთის შიდა პოლიტიკა გააკრიტიკა და ამ დროს საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები შიდა პოლიტიკას არათუ აკრიტიკებენ, არამედ პირდაპირ შიდა პოლიტიკაში ერევიან და ძალადობრივ აქციებს ახალისებენ. მათ რესურსი აღარ აქვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობა გააგრძელონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.