შაბათი, მარტი 14, 2026

გურამ მაჭარაშვილი: გამოდის, რომ ევროპა და ამერიკა თუკი ვაჭრობენ რუსეთთან, ეს კარგი რუსები არიან, ხოლო თუ რუსეთი ჩვენთან ფრენებს აღადგენს და ჩვენი მოქალაქეები ამ შეღავათით ისარგებლებენ, ის ცუდი რუსები არიან

„რა მოხდა 2008 წელს ევროკავშირში და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რა რეაგირება იყო აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ – ამის შემდეგ კრემლში სამხედრო აღლუმშიც მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და მათ ვერაფერი გამოუვათ, მაგრამ საზოგადოებას ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რა ტიპის რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ, 2013 წელს სააკაშვილი ავიდა და რუსეთის დროშა ააფრიალა მწვერვალზე, ეს არაფერია, ხოლო თუ ვინმემ პირდაპირი ფრენით ისარგებლა და ჩამოვიდა (რადგან მაინც ჩამოდის), უბრალოდ ამ შეღავათით ისარგებლა, ეს ყოფილა თურმე რუსეთუმეობა.

„აქ არის ასეთი მოცემულობა, რომ როგორც კი ამერიკული კანონი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ის მაშინვე ხდება რუსული კანონი, იგივე ხდება რუსეთთან მიმართებით. მაგალითად ის, რომ რუსეთთან ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა ქვეყანას აქვს სავაჭრო ბრუნვა არა მხოლოდ შენარჩუნებული, არამედ – გაზრდილი. ასევე, შეერთებულ შტატებს სავაჭრო ბრუნვა აქვს გაზრდილი. მილიარდობით ევროს ეკვივალენტი რუბლი შესდის რუსეთს და ეს რამდენი ტანკია თითოეულ დღეში, რომელსაც ევროპა და ამერიკა აჩუქებს რუსეთს იმისთვის, რომ შემდეგ ებრძოლოს უკრაინას, ეს უკვე სპეციალისტებმა დათვალონ.

გამოდის, რომ ევროპა და ამერიკა რომ ვაჭრობენ რუსეთთან, ეს კარგი რუსები არიან, ხოლო თუ რუსეთი ჩვენთან ფრენებს აღადგენს და ჩვენი მოქალაქეები ამ შეღავათით ისარგებლებენ, ის ცუდი რუსები არიან. თუ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მიიღებს რუბლებს და ამით ისიამოვნებს, ის კარგი რუსებისგან წამოსული რუბლებია. იგივე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მან უნდა ისარგებლოს ამ რუბლებით და ეს არ არის ის, ანუ პუტინის რუსეთი, საიდანაც იგი ფულს იღებს, ხოლო საქართველოს ასიათასობით მოქალაქემ, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, უნდა იწვალოს – ან ლარსიდან უნდა შემოვიდნენ, ან სხვა ქვეყნიდან გადმოფრინდნენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ელენე ხოშტარია აეროპორტში აპირებდა მისვლას რუსეთიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის დასახვედრად, მაშინ მეგონა, რომ ვიხუმრე როდესაც ვთქვი, ალბათ თავისი რუბლებისთვის თუ მიდისმეთქი და თურმე სიმართლე ყოფილა. ალბათ, საგადასახადოს ჩეკს ელოდებოდა და ამიტომ მივიდა იქ. იმასაც კი ვერ ახერხებენ და იმდენი ნიჭიც არ ჰყოფნით, რომ ბოლოს და ბოლოს ეს გადარიცხვები რაღაც სხვა მეთოდით მაინც შეცვალონ, რადგან მათთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს თემა გაყოფილია და უკვე ორმაგი კი არა, ბევრმაგი სტანდარტი აქვთ. მაგალითად, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ, 2013 წელს სააკაშვილი ავიდა და რუსეთის დროშა ააფრიალა მწვერვალზე, ეს არაუშავს, ხოლო თუ ვინმემ პირდაპირი ფრენით ისარგებლა და ჩამოვიდა (რადგან მაინც ჩამოდის), უბრალოდ ამ შეღავათით ისარგებლა, ეს ყოფილა თურმე რუსეთუმე. ასევე, ახლა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს თურმე რუსული პოლიტიკაა და თვითონ ბევრად უარესს რომ ამბობდნენ (და არაერთხელ გვიჩვენებია ჩვენ ეს ვიდეოები) სააკაშვილით დაწყებული და დეპუტატებით და იგივე, ხოშტარიათი დამთავრებული (რომელიც ამბობდა, რომ აუცილებელია, აქ იყვნენ არა მხოლოდ რუსი ტურისტები, არამედ – რუსული ინვესტიციებიც), ეს თურმე მაშინ სხვა რუსეთი იყო. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაზედაც ვერც ერთი ოპოჟურნალისტი პასუხს ვერ გვცემს, როდესაც ვეკითხები – შენთვის 2008 წლის აგვისტოს ომი იგივე არ არის, რაც დღეს ხდება უკრაინაში? როდესაც ვსაუბრობთ, რომ მაშინ სხვა დრო იყო და ახლა სხვა მოცემულობაა – ნურას უკაცრავად, მაგრამ ეს ერთი და იგივეა. 2008 წელს იგივე მოცემულობა იყო საქართველოსთან მიმართებით, რაც ახლა ხდება უკრაინაში. რა მოხდა 2008 წელს ევროკავშირში და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რა რეაგირება იყო, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ – ამის შემდეგ კრემლში სამხედრო აღლუმშიც მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და მათ ვერაფერი გამოუვათ, მაგრამ საზოგადოებას ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რა ტიპის რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეტყვი, არ ვაპირებთ მაგიდასთან დასხდომას, რათა პოლიტპატიმრებს თავისუფლება მოვუპოვოთ, ეს მათი უფლებაა, რომელიც ისედაც ეკუთვნით

პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებენ.„რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც არცერთი ხელისუფლების დროს შავ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. რა ელენე ხოშტარია არ არის პოლიტპატიმარი? რაღაცა ქაღალდის გულისთვის არის დაპატიმრებული და თვეებია ზის. თუმცა არამხოლოდ ელენე ხოშტარია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 წელია ზის, ამ ქვეყნის 9-წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი. რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, ჯერჯერობით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. სხვებიც არიან ციხეში, მაგალითად ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის, უფრო სწორად საერთოდ არანაირი ბრალდება არაა.ციხეში კიდევ ასზე მეტი ადამიანია, ვინც პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ პოლიტპატიმრების საკითხი არანაირ გადახედვას, არანაირ ვაჭრობას, არანაირ რაღაცა დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მათი რაღაცნაირად ცალკეულ ჯგუფებად დაყოფაც არ არის სწორი. ჩვენ გვყავს ბევრი პოლიტპატიმარი და ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. პოლიტპატიმრები არიან პოლიტპატიმრები და კიდევ ერთი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას, მაგიდასთან დასხდომას, რათა მათ თავისუფლება მოვუპოვოთ, არ ვაპირებთ. ეს უფლებაა, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით და რაც ისედაც ეკუთვნით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, ისედაც უნდა მიიღონ“, – განაცხადა გვარამიამ.

„გარდიანი“ – ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა

ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა, რომლებსაც თხევადი გაზი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. „დღეს დილით მათ ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთეს და ამჟამად ინდოეთისკენ მიემართებიან“, – განაცხადა ინდოეთის პორტების, საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო გზის სამინისტროს სპეციალურმა მდივანმა, რაჯეშ კუმარ სინჰმა. „გარდიანი“ წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გამონაკლისი ირანმა მას შემდეგ დაუშვა, რაც ინდოეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანმა ინდურ გემებს გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ მათგანზე გაიცა თანხმობა. ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თხევადი გაზის იმპორტიორია. იგი ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის დაახლოებით 85%-ს და თხევადი ბუნებრივი აირის 50%-ის იმპორტირებას ახორციელებს.

„შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ – ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა

ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან არშემდგარ ბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იყო საუბრები, რომ მსუბუქი დივიზიონის ამჟამინდელ ქართველ ჩემპიონს თეთრ სახლში უნდა ეჩხუბა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან, მაგრამ მის ნაცვლად, მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება.„მახაჩევი კვლავ ეძებს ბრძოლისგან თავის არიდების მიზეზს, ამჯერად - ტრავმა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როცა UFC-იმ ერთ მომენტში მითხრა, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის არ განვიხილებოდი. ვიცოდი, ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო. როდესაც ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია - მაშინვე დავთანხმდი ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ იყო, თეთრი სახლის ქარდი მე-2 დღეს უნდა გამოცხადებულიყო.დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, მახაჩევი ტრავმირებული აღმოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა გეიჯისთან ბრძოლის ვარიანტი. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაიხდის ისლამის გაქცევის საფასურს. მისი მენეჯერი ნაძირალაა და თან ძალიან მახინჯიც. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად დასრულდება. როდესაც გამოფხიზლდები, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში

დონალდ ტრამპი – აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, ჩვენ მალე მივაღწევთ ამას

აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები,“ – წერს ტრამპი.ტრამპმის თქმით, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.„იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი“, – წერს ტრამპი.  

იენს სტოლტენბერგი – არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება

არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ნატო გადაურჩება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, რომელმაც საკმაოდ ღიად გამოხატა უკმაყოფილება ალიანსის მიმართ. თუმცა, სტოლტენბერგი მაინც ფიქრობს, რომ ნატო გაიმარჯვებს. „ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, კარგია კანადისთვის, მაგრამ ის ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენ ვეხმარებით აშშ-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც აუცილებელია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ძირითადად მიმართულია არა ნატო-ს წინააღმდეგ, არამედ იმ წევრებისადმი, რომლებიც ალიანსში საკმარის ინვესტიციას არ დებენ. კარგი ამბავია, რომ ეს მოცემულობა შეიცვალა და იცვლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ნატო ამ კონფლიქტში არ ჩაერთვება. „ნატო-ს არასდროს უთამაშია მნიშვნელოვანი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რათა ნატო კონფლიქტში არ ჩაერთოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბოლო სიახლეები