შაბათი, ივლისი 5, 2025

გურამ მაჭარაშვილი: გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ 2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ როცა 2 წელიწადში გაიხსნება ევროკავშირის კარი, გავხდეთ გაერთიანების წევრი

„ევროკავშირის ელჩს ვინ უნდა დაუჯეროს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს. ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული მოლაპარაკება. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ მათ,” –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას. ამ უკანასკნელმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას შესახებ, სამწუხარო უწოდა.

გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ ელჩის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ევროკავშირმა ჯერ კიდევ ზაფხულში გააჩერა და მას შემდეგ, მიუხედავად არაერთი წარმატებისა, რასაც საქართველო საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში აღწევს,  ბრიუსელი საქართველოსთან საუბარს არ აახლებს. მეტიც, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი ქვეყანას შანტაჟის ენით ესაუბრება.

„ევროკავშირის ელჩის განცხადება თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციული და მისი პიროვნული ღირსებისთვის დამაზიანებელი იყო. ჯერ ერთი, ევროკავშირის ელჩმა ტყუილები იკადრა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ისაუბრა. კობახიძის განცხადება სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი –  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თავად შეაჩერეს მოლაპარაკებები! როდესაც იმის ღირსი ვარ დაგველაპარაკო, რადგან შენივე ინსტიტუტები ყოველკვირეულად პოზიტიურად მაფასებენ და ამბობენ, რომ კარგად ვმეცადინეობ და ამ ძალისხმევის შედეგი 2030 წელს დადგება, შენ მაინც არ მელაპარაკები. ამ დროს კი, ესაუბრები იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც შენივე ინსტიტუტები ჩემზე უარესად აფასებენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი.

გამომდინარე აქედან, ევროკავშირის ელჩს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს, ვინ უნდა დაუჯეროს?  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული მოლაპარაკებები. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ მათ.  როდესაც ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის საბაბი არ აქვს, მაშველი რგოლივით გადმოუგდებენ თემებს და ხან ეუბნებიან კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთ, ხანაც ფულს არ გადმოგირიცხავთ და ხანაც მოლაპარაკებებს  შევაჩერებთო.
ჩვენ კი ვამბობთ, რომ არ გვინდა ასეთი ფული, რომელიც სხვათა შორის, არ არის ისეთი, რომ საქართველოს ეკონომიკას რაიმე ზიანი მიაყენოს. მაგრამ საუბრის ენა – შანტაჟი, არ არის პარტნიორული ურთიერთობების ენა – ეს თქვა ზუსტად ირაკლი კობახიძემ. ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას. როდესაც 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, წლინახევრის განმავლობაში გავაჩერეთ მუშაობა? აბა როგორ მოგვცეს 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი? ახლაც ვაგრძელებთ ჩვენ მეცადინეობას და ამის დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. უბრალოდ ვამბობთ, როცა მომუშავე  ადამიანს არასამართლიანად უარს მეუბნები 2030 წელს გამოცდის ჩაბარებაზე, რითაც გავხდები ევროკავშირის წევრი,  აღარ მოგცემ შანტაჟის საშუალებას.

სწორედ იმიტომ, რომ შანტაჟი არ იყოს, ჩვენ  საკითხს დღის წესრიგიდან ვხსნით, მაგრამ არ ვამბობთ, რომ მუშაობას ვწყვეტთ. ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ 2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ როცა 2 წელიწადში გაიხსნება ევროკავშირის კარი (თვითონ თქვა ევროკავშირმა, რომ კარი 2030 წელს გაიხსნება, მანამდე არა), ჩვენ მზად ვიქნებით წევრობისთვის,” –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო- ანა ნაცვლიშვილი

"26 ოქტომბრის რუსული სპეც.ოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად  მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა- ყველა მიმართულებით. მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი - თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი - დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!" - წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუკში"

ნინო ლომჯარია ოპოზიციას მიმართავს – დასხედით დახურულ კარს მიღმა და არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე

დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად, არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე, თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით ყველა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის გარეშე არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა – უპასუხისმგებლობაა.„გახარიას და „ლელოს“ თუ ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ხუთი და ოთხი ნომერი თუ ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ცხადი ხომ იყო, რომ მასშტაბური გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა? ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ქვია? ვინ ხართ თქვენ?ახლა, რაც შეეხება „პრაგმატულობას“. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის. კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედან ციხეში, მაგრამ ასე მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია „ოცნებისთვის“.ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა. ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს“, – წერს ნინო ლომჯარია.

დეა მეტრეველი – მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, – ამის შესახებ დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ არის მიზანშეწონილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.„ჩემთვის, როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბრძოლა გამარჯვებამდე“, – წერს დეა მეტრეველი.

იაგო ხვიჩია – “ლელოს” გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, ვაფასებ “ლელოურად”.

"ლელოს" გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, ვაფასებ "ლელოურად", – ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის და ეს ასე უნდა მომხდარიყო."მოგეხსენებათ, „ლელო“ და მისი დაფინანსებული „ტვ პირველი“ თავიდანვე იყო იმ ხალხის მაწყევართა რიგში, ვინც არჩევნებში ვაპირებდით მონაწილეობას. მე ახლა უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორ შეცვლიან ჭიკჭიკს „ტვ პირველის“ და „ლელოს“ მხრიდან მოსყიდული სხვა ჟურნალისტები იმის სასარგებლოდ, რომ თავიდანვე იყვნენ არჩევნებში შესვლის მომხრე. დანარჩენი, ყველაფერი თავისთავად, ცხადია. ბატონი ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ბუნებრივია, ეს ასე უნდა მომხდარიყო და არა სხვაგვარად. მგონი, „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნების მერე ნამდვილად იქნება გადაშენების პირას მყოფი პარტია, მათ არ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენლები არც საკრებულოებში, არც პარლამენტში და არც სადმე სხვაგან. არ ექნებათ დიდი წითელი ხუთიანი და შესაბამისად, ალბათ ბოლო პოლიტიკურ ნაბიჯს ერთმანეთის ლანძღვაში და ჩხუბში ხარჯავენ, რაც, ცხადია, ბუნებრივი იყო, რადგან ასე თუ გაგრძელდებოდა უიდეოდ 4,5,9,25-ის ყვირილი, ისინი ერთმანეთში საბოლოო ჯამში იჩხუბებდნენ. ამ ჩხუბს ვუყურებთ ახლა ჩვენ. „ლელოს“ გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, „ლელოურად“ ვაფასებ. „ლელოს“ ეს აზრი ვიდრე თავში მოუვიდოდა, ჩვენ დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ერთიანი კანდიდატით, „ქოცების“ დასამარცხებლად და არა ისე „ლელოურად“, როგორც ახლა ხდება – ჯერ აგინო ხალხს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მერე თვითონ მიიღო მონაწილეობა და ხალხს მოუწოდო, რომ სხვანაირად ქცევა არასწორია," - განაცხადა ხვიჩიამ.დღეს გახდა ცნობილი, რომ კოალიცია "ლელო – ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს – დეტალები

28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით,  საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.საზაფხულო რეჟიმი როგორც წინა წლებში, დაახლოებით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

ბოლო სიახლეები