გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით საქართველოში „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათ მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გაასაჯაროვა.
“ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია. თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.