სამშაბათი, მარტი 24, 2026

გრიგოლ ლილუაშვილმა გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.

ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით – „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 7 წელი გავიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას –...

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.მისი თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.„ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, მეუფე შიო პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.მათივე ცნობით, მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება.„ოთხშაბათს, 25 მარტს, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.ამასთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს. მსახურება დაიწყება 14:00 საათზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალი მოჯანი-ომი, რომელიც სცილდება გეოგრაფიულ საზღვრებს — განსჯა და ანალიზი თბილისიდან

„ომი, რომელიც სცილდება გეოგრაფიულ საზღვრებს“ — ეს სიტყვები ალბათ ყველაზე მარტივად და, ამავე დროს, ყველაზე ზუსტად აღწერს იმ მდგომარეობას, რომელიც სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, რეგიონული დაძაბულობის ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ტრამპის გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროცესი არა მხოლოდ დასავლეთ აზიის უსაფრთხოებას შეეხო, არამედ მან აშკარა გამოძახილი ჰპოვა სამხრეთ კავკასიაშიც. ეს ყოველივე მოხდა იმ პირობებში, როდესაც ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატიური გზები სრულად ჯერ კიდევ არ იყო დახურული. ამ კუთხით, მრავალი დამკვირვებელი ამას აღიქვამს, როგორც უგუნური ზეწოლის დომინირებას დიალოგზე — უმწიფარ და გათვლას მოკლებულ მიდგომას, რომლის მიზანი ირანის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო. თუმცა, რაც ყველაზე მეტად ცვლის ვითარებას, არის ირანის თავდაცვითი პასუხის ფორმა და სისწრაფე. ეს პასუხი, წინა გამოცდილებებთან შედარებით, მასშტაბის, ინტენსივობისა და უწყვეტობის თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებულ ნიშნებს ავლენს. აგრესიის პირველივე ორ საათში, მაშინ როდესაც ირანმა დაკარგა უზენაესი სულიერი ლიდერი, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურის ხელმძღვანელობის ნაწილი, დაიწყო სწრაფი და ორგანიზებული რეაგირება. ამ სისწრაფემ, მრავალი ანალიტიკოსის შეფასებით, აჩვენა მზადყოფნის ის დონე, რომელიც აუცილებელია უფრო რთულ სცენარებთან გასამკლავებლად. ირანის ეროვნული თავდაცვა ცხადყოფს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობებისა და სოციალური ერთიანობის შესახებ საწყისი შეფასებები, ტრამპის არასწორი აღქმის შედეგი იყო. ახლა, კონფლიქტის მეოთხე კვირის ზღურბლზე, ამ პროცესის უწყვეტობა — ბოლო 22 დღის განმავლობაში განხორციელებული 78 მძიმე და უწყვეტი ოპერაციული ტალღის სახით, ფართო და კონკრეტული გეოგრაფიული სივრცის მიღმა არსებულ სამიზნეებზე — გადაიქცა ორი ძირითადი ფაქტორის — ირანის სამხედრო მდგრადობისა და ირანული საზოგადოების გამძლეობის — შეფასების ინდიკატორად. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია, მრავალი ანალიზის მიხედვით, კრიზისის მომავლის განსაზღვრის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად მიიჩნევა. ამ მოვლენებთან ერთად, თავად შეერთებული შტატების საწყისი შეფასებაც განხილვის საგნად იქცა. როგორც ჩანს, ამ შეფასებების ნაწილი რეალური ვითარების სირთულეს ნაკლებად ეფუძნებოდა, ხოლო მეტწილად დაფუძნებული იყო საგარეო მოვლენების გამარტივებულ აღქმაზე. ამ მიდგომას ზოგჯერ „ჰოლივუდურსაც“ უწოდებენ. ამ ჩარჩოში თავდაპირველად ჩამოყალიბდა სწრაფი და დაბალი დანახარჯის მქონე გამარჯვების მოლოდინი, წარსული გამოცდილებების მსგავსად (ვენესუელა). თუმცა, რეალობამ აჩვენა, რომ ასეთი შეფასება არ შეესაბამება არსებულ სირთულეებს და ასეთ პროცესში შესვლა, თუნდაც შეერთებული შტატების მსგავსი ძალისთვის, სულაც არ ნიშნავს პროცესის კონტროლის შესაძლებლობას. ამავე დროს, გავრცელდა ცნობები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანისა და ჰუმანიტარული შედეგების შესახებ, მათ შორის მინაბში გოგონათა სკოლის შემთხვევა. ეს საკითხი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მსგავსი დანაშაულები ვერ იქცა დაბრკოლებად საზოგადოების საერთო ნებისათვის — დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საზოგადოებრივ დონეზე შეინიშნება ერთგვარი კონსოლიდაცია საგარეო საფრთხის წინაშე. ეს ფენომენი არაერთ საზოგადოებაში კრიზისის პირობებში ვლინდება. ამასთან, ირანის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამხედრო პასუხები ხორციელდება ჩვეულებრივი შეიარაღების შესაძლებლობების ფარგლებში და ქვეყნის თავდაცვითი დოქტრინის შესაბამისად და გაგრძელდება აგრესიის დასრულებამდე. სხვადასხვა ქვეყნების რეაქციაც ამ კრიზისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განზომილებად იქცა. ევროპაში შეერთებული შტატების ტრადიციულ მოკავშირეებს შორის შეინიშნება სიფრთხილე და თავშეკავება. მათი შეფასებით, ამერიკის მოქმედებები ვეღარ თავსდება მარტივ ჩარჩოებში, როგორიცაა „ნატოს სოლიდარობა“ ან „ლიბერალური ღირებულებების დაცვა“. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, ამჯობინა საკუთარი პოზიცია საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული და ეთიკური პრინციპების ხაზგასმით ჩამოეყალიბებინა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, ტრამპის დამოკიდებულება იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომელიც ცდილობდა აშშ-სთან ურთიერთობების შენარჩუნებას, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო. გასულ კვირას ერთმა ქართველმა ანალიტიკოსმა ასეთი შეშფოთება გამოთქვა: „რა პოტენციური შედეგები ექნება აშშ-ის თავდასხმას რეგიონული ბალანსისთვის, ენერგეტიკული მარშრუტების უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მომავლისთვის,. ამ მხრივ ხომ ერთგვარად რთული გამოცდილება არსებობს?“ ჩემი აზრით, „იდენტობის“ ცნება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ერების ქცევის ანალიზში ასეთ აგრესიებთან მიმართებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს განმასხვავებელი ელემენტი — იდენტობის, ენის, კულტურის, ისტორიის, რელიგიისა და ცივილიზაციური მეხსიერების დაცვა — სწორედ ამ დღეებში თბილისში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ფორმით გამოვლინდა. ამავე კვირაში, როდესაც საქართველოს ათასობით და ათიათასობით მოქალაქე— მოხუციც და ახალგაზრდაც, ამა თუ იმ სოციალური ფენის წარმომადგენელი და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე — მარტის სიცივეში, თბილისში ქუჩებში გრძელ რიგებად, შუაღამემდე ხელში სანთლებითა და ყვავილებით იდგა უწმინდესისა და უნეტარესის, კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის გამოსამშვიდობებლად, მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა მოწმე იმისა, თუ რაოდენ შეუძლია ეროვნულ იდენტობას ყოველნაირი განხეთქილების დაძლევა და ერის გაერთიანება.დაკრძალვის დიდებულ ცერემონიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გაგრძელდა, არ ჰქონია მხოლოდ რელიგიური ხასიათი — ეს იყო ცივილიზაციური ერთიანობის ძლიერი დემონსტრაცია; სწორედ ის ძალა, რომელმაც სამი ათასი წლის განმავლობაში საქართველო ისტორიის ქარტეხილებში უვნებლად გამოატარა.ილია II, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი მამა, სწორედ იმ დღეებში წავიდა ამ ქვეყნიდან, როდესაც მსოფლიო კვლავ დგას იდენტობის დიდი გამოცდის წინაშე. ხალხის მასობრივი მონაწილეობა მის სამგლოვიარო პროცესიაში იყო ჩუმი, მაგრამ ძალზე მკაფიო გზავნილი: ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ვრჩებით და ჩვენი იდენტობა არ დაემორჩილება არცერთ ძალას.საქართველოს ეს სხვებზე უკეთ მოეხსენება: ერი, რომელიც დაკარგავს საკუთარ იდენტობას, თუნდაც ფლობდეს ძლიერ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და ძლიერ არმიას, საბოლოოდ გადაგვარდება. ხოლო ერი, რომელიც ინარჩუნებს თავის იდენტობას, შეძლებს წინ აღუდგეს ყველაზე ძლიერ იმპერიებსაც კი.ირანის გამოცდილება ამ კვირებში და საქართველოს გამოცდილება ამ ეროვნული გლოვის დღეებში, ორივე ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას: ნამდვილი გამძლეობა იბადება საზოგადოების შიგნით, კულტურის სიღრმიდან და ფესვებისადმი რწმენიდან, და არა მხოლოდ იარაღისა და სამხედრო ბიუჯეტებიდან.როცა ერთმანეთს ვუდარებთ ერების რეაგირების ფორმებს კრიზისებთან მიმართებით, ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა: მიდის თუ არა მსოფლიო საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული მოდელისკენ?ჩემი შეფასებით, არსებობს ნიშნები, რომ ძლიერდება ისეთი მიდგომა, სადაც ეროვნული, იდენტობრივი და სოციალური რესურსები უფრო მეტად განსაზღვრავენ შეკავებასა და სტაბილურობას. ასეთ ჩარჩოში, მხოლოდ დიდ ძალებზე დამოკიდებულება თანდათან იცვლება შიდა რესურსებზე აქცენტით.დღევანდელი ვითარება მხოლოდ ირანთან სამხედრო დაპირისპირებას არ ნიშნავს; ეს არის ნიშანი გლობალური წესრიგის უფრო რთულ და მრავალშრიან ფორმატზე გარდამავალი პროცესისა — წესრიგის, სადაც ვერავინ უგულებელყოფს ერების ხმას, მათ ნებას, იდენტობასა და ისტორიას. თბილისი, რომელიც ამ დღეებში გლოვობს თავისი იდენტობის ერთ-ერთ უდიდეს დამცველს, ალბათ სხვაზე უკეთ აღიქვამს ამ გზავნილს: იდენტობა არის უკანასკნელი ბასტიონი, და სანამ ეს ბასტიონი მტკიცედ დგას, ერს ვერანაირი ომი ვერ დააჩოქებს.იმედია, ეს განსჯა და ანალიზი თბილისის გულიდან, მიაღწევს ყველამდე, ვისაც დღეს და ხვალ უწევს გადაწყვეტილებების მიღება: სურთ თუ არა გახდნენ ამ ისტორიული გარდატეხის ნაწილი, თუ კვლავ დარჩებიან ცალმხრივი უპირატესობის ილუზიაში.საქართველო და ირანი — ორი უძველესი ისტორიისა და წარუშლელი იდენტობის მქონე ერი — ამ ისტორიულ მომენტში ერთმანეთთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე ოდესმე; არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ადამიანური და ცივილიზაციური გამოცდილების მხრივაც''-სეიედ ალი მოჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

მამა გიორგი ზვიადაძე – ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენეს, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ

ქართველმა ხალხმა აჩვენა უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი, ტიროდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ხალხის, ერის მიმართ, – ამის შეახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.მისი თქმით, მსვლელობა, რომელიც შედგა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ, მაჩვენებელია, რამდენად დიდი სიყვარული აქვთ ქართველებს პატრიარქის მიმართ.„ეს შემთხვევითი არ არის. პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის უდიდეს სიყვარულს ქართველი ერისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენა უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს. პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მთელი ერია გამთლიანებული, რაც ძალიან დიდი ნუგეშითა და მადლიერებით გვავსებს მთელი ქართველი ერისადმი, ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ასეთი მაღალი შეგნებით და კულტურით გამოხატავს პატრიარქის მიმართ მოწიწებას, მადლიერებას და სიყვარულს“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.მისი თქმით, ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი.„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღე. 1917 წლის 12 მარტთს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა. ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი ამას არასოდეს შერიგებია. ჩვენი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია უშეღავათოდ იბრძოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია დაბრუნებოდა. იღწვოდნენ ისინი ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, მათ შორის წმინდა პატრიარქებთან ერთად. მართალია, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ, ამით დიდ სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია მისი მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.„თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, მან შეძლო დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუკი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია და არ მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. ყველას მოგეხსენებათ, ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული, უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. იყო შემოთავაზება მსოფლიოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ ახლად მიანიჭებდა ავტოკეფალიას, პატრიარქი იყო უაღრესად პრინციპული, უაღრესად თანმიმდევრული, უაღრესად მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქმე ეხება საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმ თამარ წერეთელმა და შპს „ემ ეს სი ჯორჯიას” მმართველმა დირექტორმა ალქან ალიჯიქმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული გამოცდილება მიიღონ. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, გლობალური ლოგისტიკურ გიგანტთან, MSC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ და საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ MSC აქტიურად იწყებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, რაც თანამედროვე ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს ახალი კადრები, სტუდენტებს კი რეალურ პროფესიულ გარემოში მუშაობის შანსი ეძლევათ. ერთობლივი კვლევითი პროექტები და აკადემიური რესურსების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. გარდა ამისა, პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, რაც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები დაეუფლონ იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში, მსგავსი ინიციატივები ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ზრდის პროდუქტიულობას, ინვესტიციების მიმზიდველობას და აძლიერებს ქვეყნის პოზიციებს გლობალურ ბაზარზე“, - აცხადებს თამარ წერეთელი.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა.

ბოლო სიახლეები