ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა, რომელიც ამ ვეშაპებში იყო: არაბები, თურქები, სპარსელები, მონღოლები, ბიზანტია… რუსეთისა არ იყოს, ერთმორწმუნე, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, მიწასთან გაესწორებინა ეს ქვეყანა. თუ რამემ გადაგვარჩინა, თუ არა გონიერმა მმართველებმა, მეფეებმა და ამ ტრადიციებმა, და აქ მიდის დარტყმა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ვის ებრძვიან? ყველაზე გაშმაგებული ბრძოლა მიდის ეკლესიის წინააღმდეგ. მხცოვანი, თითქმის ასი წლის პატრიარქი არის წარმოუდგენელი ფიგურა მსოფლიოს რელიგიურ სამყაროში. მიდის მისი გაშმაგებული ლანძღვა. ურტყამენ ოჯახსა და ტრადიციებს, იმიტომ რომ ეს თუ გამოაცალე ამ საზოგადოებას, არაფერი დარჩება. საზოგადოებაში ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. ყოველთვის დგება რაღაც კრიტიკული მომენტი, როდესაც საზოგადოება ამბობს – მორჩა, ამას აღარ შევეგუებით. გამოჩნდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც ყველანაირად მხარს დავუჭერთ, და ისინი ამბობენ, რომ არ შეეგუებიან ღირსების, ოჯახის, რწმენის შელახვას. ამ ადამიანების უმეტეს ნაწილს და ვატო შაქარიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს წმინდა წყლის სახალხო მოძრაობა იქნება. 12 ივნისს იქნება შეხვედრა რუსთაველის თეატრში და ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს და მოისმინოს. ჩაატარეთ გამოკითხვა ნებისმიერ ქუჩაზე: საზოგადოების 90% იქნება იმ ღირებულებების დამცველი, რაც არის დღეს დეკლარირებული“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.