პარასკევი, აგვისტო 7, 2026

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორის (ჩელე) ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმაც დატოვეს

ცოტნე კობერიძის შემდეგ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დატოვების შესახებ პარტიის კიდევ ორი წევრი, ბადრი გრიგალაშვილი და ბორის ჩელე ყურუა წერს.

როგორც ბადრი გრიგალაშვილი წერს, „ამ ფორმით და ამ შინაარსით“ პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ხედავს.

„პირველად გამიჭირდა ასე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გადავწყვიტე, დავტოვო გირჩი, ჩემი მეორე ოჯახი, სადაც გააზრებული ცხოვრების რვა წელი გავატარე. მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია, აღარ ვაკეთებთ. ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს გზა არსად მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს. შეცდომის აღიარება არავის უნდა, ეგ რომ გააკეთონ ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ. შედეგად კი, შეცდომებში გაჯიუტებულებს, სერიოზულად აღარავინ აღგვიქვამს. არსად გაქცევას არ ვაპირებ. ჩემი ბრძოლის გზა ახლა თავიდან მაქვს მოსაძებნი და, რამდენადაც შევძლებ, შევეცდები, გამოვასწორო დანახული შეცდომები“, – წერს ბადრი გრიგალაშვილი.

ამასთან, ბორის ჩელე ყურუა წერს, რომ პოლიტიკური გზები გაიყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

„ვტოვებ გირჩი-მეტ თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება. უბრალოდ პარტია არ იყო, ხან ციხეებში ვისხედით და ხან ქვებს ვიცილებდით, ხან სცენაზე ვიდექით და ხან ცრემლსადენ გაზში. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა და ჩემში რესურსი ჩადო. განსაკუთრებულად ზურას მადლიერი ვარ. მართალია, 2020 წელს მითხრა, ჩაერთე პოლიტიკაში, გაერთობიო და მე ახლა დიდად ვერ ვერთობი, მაგრამ მან მომცა შანსი, რომელსაც ძირითადად არ აძლევენ უფროსი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს და ჯერ კიდევ იმ პროცესში ვარ, რომ ეს შანსი სათანადოდ გამოვიყენო. ამ პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იმავეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით“, – წერს ბორის ჩელე ყურუა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს...

„გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა.მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ყოველდღიურად იცავს საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს, თითოეულ საჯარო შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ბრალდებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას.ამგვარი განცხადებები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ სივრცეში და დამატებით არგუმენტებს აძლევს მოწინააღმდეგეს.ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სამხედროების ღირსება და საქართველოს საერთაშორისო ინტერესები არ შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა საერთო უნდა იყოს და ყველა სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 187 796 ლარი შეადგინა.3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე – რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი, აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.„ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, დაიღუპნენ ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ მძიმე დღეების მიუხედავად, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ რუს ტურისტებს. გავიხსენოთ ელენე ხოშტარიას, მიშა მშვილდაძის განცხადებები, როგორ მიესალმებოდნენ რუსების შემოსვლას საქართველოში, ოფიციალურად გაგზავნილი წერილებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. მაშინ არ იყო აგვისტოს ომი მსოფლიოსთვის რეზონანსული ომი, რომ აეგორებინათ რუსების წინააღმდეგ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას გმობს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.უწყება ხაზს უსვამს, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - წერს ბრაჟე.

ბოლო სიახლეები