სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყოსაქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს”, -აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტრას აუსტრევიჩუსი – სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა

სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციით დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება გადაწყვიტა, როგორც გარედან თავსმოხვეულის. სასწრაფოდ საჭიროა ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა“, - წერს აუსტრევიჩუსი.შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იტალიელ კოლეგებთან პარტნიორობით, ახალ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებას, მთის კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებას, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მილანის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.სამუშაო შეხვედრებში, რომელსაც მოცემულ ეტაპზე მილანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულნი იყვნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე.პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მოდელთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯერეს და სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს CIF საგრანტო პროექტის მიზნები და მისი მდგრადობის საკითხები. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ხელმძღვანელს, პროფესორ ანა ჯორჯის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ რიკარდო ჯუჯეტის და აკადემიურ პერსონალს. როგორც ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სტეფანო კორსი.სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიელი კოლეგების მხარდაჭერით შედგა შეხვედრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ლუჩია ანჯოლინისთან, რომელთან ერთადაც სამთო-გეოლოგიური მიმართულების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გაიმართა ონლაინ შეხვედრები ევროპის მთის კვლევის ქსელის (NEMOR) და ევროპის მთიანი რეგიონების ასოციაცია EUROMONTANA-ს ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც შეაჯერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.როგორც პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები ასევე მნიშვნელოვანი იყო სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სამომავლო განვითარების მხრივ. გიორგი ჭიჭინაძის თქმით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებისთვის მილანის უნივერსიტეტში ორდიპლომიანი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობები.პროფესორ თამარ ქობლიანიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ედოლოში საჯარო ლექციები გამართეს UNIMONT-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. თამარ ქობლიანიძე ამბობს, რომ მილანის უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერსპექტივით, შესაბამისად, სტუ-ის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, კვლევითი ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომლითაც სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტები სარგებლობენ.როგორც სტუ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა იტალიის მთიან რეგიონებში მდებარე სარეკრეაციო და საკვლევ სივრცეებში ვიზიტებს ენიჭება: ლივინიოს მთიან მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს Milano-Cortina 2026-ის ოლიმპიური ობიექტები და გაეცნენ კომპანია „მოტოლინოს“ საქმიანობას, რომელიც ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა პასუხისმგებელი; დაათვალიერეს ტრენტოს მეცნიერების მუზეუმი (MUSE), ხოლო მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი მუზეუმების განვითარების შესაძლებლობაზე და მათ ბაზაზე ერთობლივი საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავების შესახებ; გაეცნენ იტალიის მთიან რეგიონებში დაფუძნებულ ისეთ მცირე საწარმოებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-თან, საქმიანობის პროცესში კი ინოვაციურ ცოდნასა და უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პრაქტიკულ მოდელებს იყენებენ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გიბრალტარი სტუმრად დაამარხა

ევოპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან გიბრალტარში 1:0 მოიგო.გოლი 53-ე წუთზე დოლტმურზიევმა გაიტანა.მატჩის ბოლოს მსაჯმა ფეხბურთელებს ხუთი წითელი ბარათი უჩვენა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გააძევეს დოლტმურზიევი, ძნელაძე და ხუციშვილი, გიბრალტარიდან – ჩარვეტო და გარო.

მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ფოტოგრაფი, გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. „ჩემო მეგობრებო, ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან კარგ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს, მარტა ბარამიძეს.ის იბრძვის სიცოცხლისთვის და იმსახურებს იცოცხლოს. ვისაც რა საშუალება გაქვთ, გეხვეწებით, 1 ლარიც მნიშვნელოვანია! მადლობა წინასწარ და ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.საქართველოს ბანკი: #GE88BG0000000184031700 თიბისი ბანკი: #GE08TB7102445061100081ამ პოსტის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება“ - წერს ფოტოგრაფი გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში.

თბილისი-გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის

თბილისი - გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის.როგორც „პრაიმტიამს“ აცნობეს, მომხდარის შესახებ არავინ დაშავებულა.„ტიფლისნიუსი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

ბოლო სიახლეები