“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში პატიმრების შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს. პარტიის წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, ვის შეიწყალებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“პრეზიდენტის ინიციატივას განსაკუთრებით ნარკოტიკულ საშუალებებთან და მასთან დაკავშირებულ დანაშაულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ. რაც შეეხება იმ საკითხს, როდესაც სამოხელეო და ქონების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზეა საუბარი, აქ ერთადერთ საფრთხეს რასაც ვხედავ, ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლოდროინდელი სტატისტიკა უჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დანაშაულის ზრდაა, განსაკუთრებით ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კარგი არ იქნება, თუ ეს გზავნილი არასწორად აღქმული იქნება. ცხადია, მიდგომები რაც უფრო ლიბერალური იქნება, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულთან მიმართებით, რომელიც ძალადობის შემცველი არ არის, მხოლოდ მისასალმებელია”, – თქვა გიორგი ტუღუშმა.