საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყებამდე ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ბრიუსელში შეხვდა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ მხრივ მხარეებმა ნატოს მომდევნო სამიტი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატოს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.