პარასკევი, აგვისტო 7, 2026

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამაყობს ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ ევროპულ სულისკვეთებაზე ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ლიტერატურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონით, საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს, ხოლო 2017 წლის სექტემბერში საქართველომ ჩაიბარა გლობალური მულტინაციონალური ინიციატივის – ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის განმტკიცებას და ასაზრდოებს მოქალაქეთა ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ქვეყანა ამ აღიარებით ამაყობს.

“დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანში, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო გადაურჩა იმ მძიმე პირობებს, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დროთა განმავლობაში თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.

გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზეც.

“საკმარისია, ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად,104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე ჩვენი ხალხის ევროპული არჩევნისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველო იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.

სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას გმობს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.უწყება ხაზს უსვამს, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - წერს ბრაჟე.

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.176 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.9 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.

აშშ-ის საელჩო – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – წერს აშშ-ის საელჩო.

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მასწავლებელია, 15 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.მედიის ცნობით, სროლა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის შემოგარენში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე Debsirin-ის სკოლაში მოხდა.ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის მოსწავლე იყო. გავრცელებული ცნობებით, მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ინციდენტის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები მივიდნენ.ტაილანდში Debsirin-ის სკოლა ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალი აქვს.ცნობისთვის, ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონო ფლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ტაილანდში არაერთი თავდასხმა მოხდა.

დაკავებულია „კანონიერი ქურდი“ რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 54 წლის „კანონიერი ქურდი“ იუსიფ ალიევი, რომელიც „კრიმინალურ წრეებში“ ცნობილია მეტსახელებით: იუსუფი, „იუშკა“, შამხორისკი.„კანონიერი ქურდი“ 18 წლის განმავლობაში იძებნებოდა.გამოძიების მონაცემებით, ის 2009 წელს უკვე ერთხელ დააკავეს მოსკოვში, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.იუსიფ ალიევს ბრალად ედება მკვლელობა, ასევე „კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის“ დაკავება.

ბოლო სიახლეები