ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ფაქტია, რომ ახალგაზრდებთან მათი ნებისმიერი შეკრება ორიენტირებულია აგრესიული აქციების ორგანიზებისკენ

პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ქვეყნის წინაშე და ფაქტია, რომ მათი [რადიკალური ოპოზიციის] ნებისმიერი შეკრება, ურთიერთობები ახალგაზრდებთან სწორედაც რომ ორიენტირებულია აგრესიული აქციების გამართვის ორგანიზებისაკენ და აბსოლუტურად არაა აუცილებელი, რომ პირდაპირ ისაუბრო რევოლუციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა.

გიორგი ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის უცენზურო შინაარსის ფეისბუქ-პოსტსაც.

„რაც შეეხება, გინებას, ამაზე რასაკვირველია შესაბამისი პასუხები არსებობს და მათ ზუსტად იციან ამ პასუხების შინაარსიც, ოდენობაც და მოცულობაც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციები უსამართლოა, ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ

ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება უსამართლოა და ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ.„თუ კონსესუსი არ იქნება, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. რეგლამენტის ცვლილებასაც უმრავლესობა და კონსესუსი სჭირდება. თუ დღეს საქართველოს მიმართ არის პოზიცია, რომ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით მოხდეს, ეს საკითხი ხვალ დღის წესრიგში სხვა ქვეყნის შემთხვევაში დადგება. ეს არ აწყობთ. უსამართლობას რომ თავი დავანებოთ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. იტალია ფიქრობს, რომ მისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები არ არის გასაზიარებელი, თუ ამერიკის ეკონომიკურ ინტერესს უპირისპირდება. ის თავის დამოკიდებულებას ცალკე განავითარებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისივე თქმით, არ შეიძლება, წინააღმდეგი იყო იმის, რომ გამჭვირვალეობა იყოს უზრუნველყოფილი და თავადაც ამაზე ალაპარაკდნენ.„გარკვეული პრინციპებია, რამაც შეიძლება, ევროკავშირს სერიოზული დარტყმა მიაყენოს. თუ საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჯაჭვური პრინციპით გაგრძელდება. ტექნიკურადაც ამის გაკეთება ძნელია, გარდა იმისა, რომ ეს უსამართლობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პუტინმა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა არ გამოიყენა – მარკ რუტე

პუტინმა არ გამოიყენა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა, – ასე შეაფასა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე.ამის შესახებ მარკ რუტემ ანტალიაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, რუსეთმა სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა.მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.ამავე პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ომის შეჩერებისკენაა მიმართული. „ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის გადაუდებელი ძალისხმევისადმი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. საქმე არ ეხება ომის გაღვივებას. ეს ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა დღეს და მომავალშიც. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად თუ მის გარეშე, ნათელია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის კვლავ მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. თავდაცვაში გაზრდილი ინვესტიციები, გაუმჯობესებული თავდაცვითი სამრეწველო შესაძლებლობები და უკრაინისთვის განგრძობითი მხარდაჭერა დაგვეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებაში ჩვენს ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) ფინალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ეროვნული ჩემპიონის ტიტული და თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე, რომელიც თბილისში, ახალი სპორტის სასახლეში გაიმართა, სტუ-ის კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში გორის გუნდი ანგარიშით - 3:2 დაამარცხა და შესაბამისად, წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე საუნივერსიტეტო კლუბს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქომაგობდნენ.დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ასევე, ახალი სპორტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან ერთად, ჩემპიონის თასი, მედლები და 10000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.დავით გურგენიძის განაცხადებით, ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, მეტად განავითარონ საუნივერსიტეტო სპორტული სახეობები. რექტორმა სპორტსმენებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ სოსო ლობჟანიძეს ღირსეული გამარჯვება მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა.„გულითადად ვულოცავ ფრენბურთის საუნივერსიტეტო კლუბს ეროვნული ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებას! ეს გამარჯვება ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, შეუპოვრობასა და გუნდურ სულისკვეთებას. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ სპორტული მოვლენა - ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წარმატებაა.გვეამაყება, რომ ჩვენი სტუდენტები იმარჯვებენ და ამით ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს. მსგავსი მიღწევები მეტად ამაღლებს ახალგაზრდების მოტივაციას და ხაზს უსვამს საუნივერსიტეტო სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელობას.მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოს სპორტის სამინისტროს ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. მჯერა, ახალი გამარჯვებებით ჩვენი გუნდი კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - აღნიშნა რექტორმა დაჯილდოების ცერემონიაზე.ცნობისათვის, ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?

რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში? - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს ნიკოლოზ ხურცილავას მიმართა.როგორც ცხადაძე აღნიშნავდა, ის იმ დღეს, როცა პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, იქ არ იმყოფებოდა.„არანაირი პრეტენზია არ მაქვს თქვენზე, ისევე როგორც თქვენ ვერ გექნებათ ჩვენზე. მაინტერესებს, საქმეს თუ იცნობთ ჩვენს შესახებ, რას გვედავებიან?" - მიმართა პოლიციელს ცხადაძემ, რაზეც მან უპასუხა, რომ „225-ე მუხლს, ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობას“.სამართალდამცავს ცხადაძემ კვლავ კითხვით მიმართა, „რა უთხრეს მას, რომ სასამართლოში ის პირი დახვდებოდა, ვინც ის დააზიანა თუ არა“.„მე დამიბარეს და მოვედი აქ... როცა გიბარებენ, ვალდებული ხარ, მიხვიდე“, - უპასუხა პოლიციელმა, რომელსაც ისევ ჩაეკითხა ცხადაძე, უკითხავს თუ არა, რის გამო მიდიოდა სასამართლოში.„როგორ არა, ვიცოდი რაზეც უნდა დავკითხულიყავი, 28 ნოემბერს დავზიანდი პოლიციელი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა“, - უპასუხა ხურცილავამ, მას კვლავ მიმართა ცხადაძემ კითხვით: „და გითხრეს, იქ ეს ადამიანი დაგხვდება, ვინც დაგაზიანაო?"- აღნიშნულს მან უარყოფითი პასუხი გასცა.„არა, ეს ადამიანი დაგხვდებაო არა, თავიდანვე ვთქვი, რომ არ ვიცი ვინ ისროლა, ხელს ვერავის დავადებდი“, - განაცხადა ხურცილავამ.მას ბრალდებულმა იუმორისტმა ისევ მიმართა კითხვებით.„მე პირადად 28 ნოემბერს, იქ სადაც დაზიანება მიიღეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ და ჩემთან პრეტენზია ვერ გექნებათ.თქვენ თქვით, მოქალაქეებისგან დაიწყო ძალადობაო, ჩვენ არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, აქ გავიცანით ერთმანეთი, თქვით, ნიღბიანი ადამიანები ერთმანეთს აწოდებდნენ ქვებს, რაღაცებსო. ახლა კითხვას დავსვამ და თუ გასაპროტესტებელი იქნება, ბრალდების მხარე გააპროტესტებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ვაპროტესტებდი, იმიტომ ვზივარ აქ. ანუ არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთს ვუთხარით, მოდი ქვა მომეცი, ვისროლოთო, ამას ვამბობდით?",- მიმართა პოლიციელს ცხადაძემ. აღნიშნული კითხვა ბრალდების მხარის პოზიციის შემდეგ მოიხსნა.ცხადაძემ ასევე ხურცილავას ჰკითხა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები თუ დაინახა, რასაც პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა."ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა აქ ირაკლი კობახიძე იჯდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა, თქვენ გქონოდათ იმის შანსი, ის დაგეკავებინათ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან სამწუხაროდ გაუშვით",- განაცხადა ცხადაძემ.ამ წუთებში ჩვენებას კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, დაზარალებული ილია ბუიღლიშვილი აძლევს.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“ და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა.ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, ციხეს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ ციხის ადმინისტრაციის დავალებით.„ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“.სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები, შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის „მაყურებელი“ გყავდა, მე რადგან სვანი ვიყავი სვანი „მაყურებელი“ მყავდა. პრაქტიკულად იერარქიული, პირამიდული სისტემა ჰქონდათ. და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა“,-განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.სოზარ სუბარის შეკითხვაზე, თუ საიდან იმართებოდა იერარქიული კრიმინალური სტრუქტურა ციხის ადმინისტრაციისგან, თუ ადმინისტრაციისგანაც და ამ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან ბესარიონ ხვინთელიანმა უპასუხა: „გარედან როგორ იმართებოდა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ისინი ციხის ადმინისტრაციისგან იმართებოდნენ და ციხესთან ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობები“.სოზარ სუბარის განცხადებით, წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა.„წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მერე. დავალება ის კი არ იყო, რომ მთელი ეს ნახევარი წელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დავალების მიცემა იყო ის, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული „მაყურებლად“, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ციხე, ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან. ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამმაც პრაქტიკულად დაადასტურა ეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები