რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, ჟენევის ფორმატის ახალ „ნეიტრალურ“ ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე „კონფიდენციალური“ მოლაპარაკებების შესახებ, უკიდურესად საგანგაშოა, – ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
თვეებია “ქართული ოცნება“ მალავს კრიტიკულ ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შესახებ, მაშინ, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათი მარიონეტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმედებს ჩორჩანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
ეს სახიფათო ტენდენცია დაიწყო ივანიშვილის ბოდიშით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რასაც მოჰყვა გამოძიება ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც 2019 წელს განვათავსეთ პოლიციის საგუშაგო, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს „გამოძიება“ სრულებით იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებებს, რაც ადასტურებს „ოცნების“ თანამშრომლობას საოკუპაციო ძალასთან.
ჟენევის ფორმატი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ჩანაცვლება რუსეთის მიერ განსაზღვრული „ნეიტრალური“ ფორმატით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას „ოცნება“ ამ საკითხში: იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს?,- წერს გახარია.

