ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს

,,ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა.
მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა.
ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!”-წერს გახარია.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე – ამქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას დიდებული ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ყოველთვის შეახსენებენ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია

ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში.კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ აღევლინება ლოცვები ელდარ შენგელაიასთვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს.„ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.ბატონმა ელდარმა, ისევე როგორც ათეისტურ პერიოდგამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა. ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქალბატონ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.ელდარ შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინთან და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი გეგმავს, ერთობლივი შეხვედრა გამართოს პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები.„ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ამ გეგმის შესახებ უკვე აცნობა ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ  გაიმართა. საუბარში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გათავისუფლებლოს ის

ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი სოციალურ ქსელში წერს.„მე ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა და ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს მაიკლ ო’ფლაჰერტი.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით და მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის შეფარდებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, შერჩევით იყენებს „საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ”. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.

ბოლო სიახლეები