ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

გიორგი გახარია – მელია, ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსი, მართლა იყო დასაკავებელი, მაგრამ დასაკავებელი იყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდგომ ამნისტირება არ დაგვჭირვებოდა

გიდასტურებთ, ჩემი მკაფიო პოზიცია იყო, რომ მელია იყო დასაკავებელი. მელია მართლა იყო დასაკავებელი, რადგან სამაჯურის სროლა იყო სახელმწიფოს გამოწვევა და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, უნდა ემოქმედა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოეწვია, ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი პოზიცია იყო მელიას დაკავება, თუმცა მიაჩნდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდგომ მელიას ამნისტირება და გაშვება არ გამხდარიყო საჭირო.

„კობახიძე მოვიდა, მთხოვა, ძალიან მთხოვა, რომ მივსულიყავი, რადგან უჭირდა პარლამენტარებთან. მივედი, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა და უკვე ჩვენ მივყვებით ოპერატიულად ამ პროცესს. დილით სამსახურში მოვედი ჩვეულებრივად, როგორც ყოველდღე, არანაირი აზრი, არც გადადგომა, საერთოდ არაფერი, ჩვეულებრივად მივყვებოდით დღეს. ამის შემდგომ რამდენჯერმე შევიკრიბეთ პარტიაში, იქ, სადაც თქვენ არცერთი არ იყავით. სხვადასხვა აზრი იყო. ზოგი ამბობდა, დავიჭიროთ, ზოგი ამბობდა, არ დავიჭიროთ ახლა, ამ პირობებში და ამ გარემოში. ზოგი ამბობდა ხვალ, ზოგი – ზეგ, ზოგი – დაველოდოთ. სხვადასხვა აზრი არსებობდა. ყოველ საათში მქონდა ოპერატიული ინფორმაცია, იმ შენობაში რა ხდებოდა, ის შენობა უკვე გატენილი იყო ჩვეულებრივი ბოევიკებით, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხით, აჭარიდან, პანკისიდან, იქ უკვე გაკეთებული იყო სხვადასხვა ბარიკადი, კიბის უჯრედები დაბლოკილი და ა.შ. ჯოხებით შეიარაღებული, საბრძოლველად გამზადებული, იმ ჯოხის უკან შემდეგ რას ამოაძრობდნენ, კაციშვილმა არ იცის. ეს ოპერატიული ინფორმაცია მოდიოდა და ამაზე იყო მსჯელობა, ამიტომ შევიკრიბეთ რამდენჯერმე. მე არც მაშინ შემიცვლია პოზიცია, მაშინაც ვთვლიდი და იმის შემდეგაც ვამბობდი, რომ მელია, რა თქმა უნდა, იყო დასაკავებელი. დასაკავებელი იყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდგომ მელიას ამნისტირება და გაშვება არ დაგვჭირვებოდა. ეს იყო მთავარი მიზანი და მიზეზი, რომ მელია დაგვეჭირა ისე და სამართალი აგვესრულებინა ისე, რომ არანაირი ამნისტიის მოთხოვნის რესურსი უცხოელებისთვის არ დაგვეტოვებინა, ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური აქტი, ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი კრიმინალის დაკავების აქტი. ეს იყო მთავარი. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ამ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ დღეს, გამთენიისას კი არ დავაკავოთ, დავაკავოთ ხვალ საღამოს ან ზეგ საღამოს. დღეებზე იყო ლაპარაკი. დაპირება გაცემული იყო, რომ დასაკავებელია და დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებ და ყოველთვის შევასრულებდი. საუბარი იყო დღეებზე. ამის შემდეგ მე ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ, მეგობრებო, დილით ადრე, თუ არ ვცდები, რვა საათი შემოგთავაზეთ, ხომ არ მოვაწყოთ პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორ გავაკეთოთ, რადგან რეალურად დავინახე, რომ სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა. ამასობაში ჩემი კაბინეტის წევრებთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მიმართა: „ამ ჩემს მიწერილზე თქვენ ამბობდით, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია, ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია“.

გიორგი გახარიას განცხადებით, თეა წულუკიანის აზრი იყო ასევე, რომ საჭიროების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისისთვის პენიტენციური დაწესებულების ნომერი მიენიჭებინათ. თეა წულუკიანმა საპასუხოდ განმარტა, რომ ეს თქვა მაშინ, ვიდრე მელიას იმუნიტეტს მოუხსნიდნენ.

გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომა უკავშირდებოდა პროცესებში სამართავად ბიძინა ივანიშვილის ჩართვას და არა იმას, რომ არ სურდა მელიას დაკავება.

„პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრები, მე არ ვიტყვი უმრავლესობას, მაგრამ ბევრი იყო ჩემს აზრზე, ყველა ამბობდა, რომ ალბათ ასე სჯობია. ამიტომ შევიკრიბოთ დილით. შემდეგ უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო უხილავი კაცის ხელი. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც, როგორც თქვენ ბრძანებთ, ქალბატონო თავმჯდომარევ, მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს, რომ ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, აბა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებში რა ხდება, უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა. პროცესში სამართავად, მე არ ვიცი, კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან, შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად, ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს, არავის აღარ სჭირდებოდა პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს არ დავბრუნდებიო.

მე თუ გამოვედი და ვთქვი, რომ ამაზე ვერ შევთანხმდი, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ დავიცავი გუნდი და სახელმწიფოს ინტერესები. დღეს გეუბნებით, მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია, რადგან მაშინ ისევე გულწრფელად თითოეულ თქვენგანს ვეთანხმებოდი, რომ ეს გასაკეთებელი იყო. მე გადავდექი იმის გამო, რომ ჩავთვალე, ასეთი პრემიერი არც არავის აღარ სჭირდებოდა და გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. მაშინ დავინახე პირველად და მაშინ გავავლე პარალელი იმასთან, რა შეიძლებოდა მომხდარიყო 20 ივნისს, რადგან თუ ასე მარტივად, მიმდინარე ღონისძიების დროს არანაირი პრობლემა არ იყო პრემიერის გვერდის ავლით, ძალოვანი სტრუქტურების და გასამხედროებული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა-გამოყვანა და მათი მოძრაობა, არაფერი უკვე გამორიცხული არ არის. მაშინ მე ეს არც დამიშვია და ამიტომ ვიღებდი ყოველთვის ყველაფერს ჩემს თავზე და დღეს გონივრული ეჭვი გამიჩნდა, რადგან 2021 წლის 18 თებერვალს რაც მოხდა, იმას უამრავი ადამიანი დაასაბუთებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა წულუკიანის კითხვაზე, „თქვენ როგორ აპირებდით მელიას დაკავებას, ნაზად?“, – გახარიამ უპასუხა: „ეფექტურად, ისე, როგორც აკავებენ ჩვეულებრივ კრიმინალს. ოპერატიულად“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სომხეთი აზერბაიჯანს სთავაზობს, ერთდროულად მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებასა და ეუთო-ს ერთობლივ განცხადებას მინსკის ჯგუფის სტრუქტურების დაშლის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს, სულ მცირე, დე ფაქტო აქვს უფრო ფართო კონტექსტი, სომხეთს კი სურს იყოს დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანი არ განიხილავს მინსკის ჯგუფის დაშლას, როგორც ნაბიჯს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დახურვისა და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე გადატანისთვის.ფაშინიანის თქმით, სწორედ ამიტომ სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს ორ შეთანხმებაზე ერთდროულად ხელმოწერას. რაც შეეხება სომხეთის კონსტიტუციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას აზერბაიჯანის მხრიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის კონსტიტუციის ინტერპრეტაციაზე საკონსტიტუციო სასამართლომ შეუქცევადი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ კონსტიტუციაში არ არსებობს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ, რაც არის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილება და შეუქცევადია.„მიუხედავად ყველა სირთულისა, მთავრობა და პირადად მე არ გადავუხვევთ მშვიდობის დღის წესრიგს. აშკარაა, რომ ზოგიერთი ძალა, როგორც სომხეთში, ისე სომხეთის ფარგლებს გარეთ, ომის პროპაგანდას ახორციელებს ყოველდღიურად და ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მის განხორციელებაზე. ამ ქმედებებს შორის, აზერბაიჯანის საომარი რიტორიკა გამოირჩევა, რიტორიკასთან ერთად, რომელიც გამოიხატება ცრუ ბრალდებებით სომხეთის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხშირი, თუ არა ყოველდღიური, დარღვევით. ეს დარღვევები ძირითადად არამიზნობრივ ხასიათს ატარებს, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახზე სროლის ორი კონკრეტული შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული სროლები ან აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში უდისციპლინობის შედეგია, ან მიზნად ისახავს აღნიშნული დასახლებების მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლას.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სომხეთის არმიას მივეცი მკაფიო ბრძანება არ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთის რესპუბლიკა მზადაა გამოიძიოს ინფორმაცია ჩვენი არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. ომს გამართლება არ აქვს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის გამოყენებისა და ძალის მუქარის დაუშვებლობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედ ყველა ძალასა და პირს, გამოიჩინონ უკიდურესად პასუხისმგებლობა, არ გააკეთონ განცხადებები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ ლოგიკას. სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხები იმსახურებენ მშვიდობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. არ იქნება ომი, იქნება მშვიდობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ილჰამ ალიევი – პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აზერბაიჯანაში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია

მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანაში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბაქოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.ალიევის თქმით, პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია.„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, აზერბაიჯანში. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა აზერბაიჯანში. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გისურვებთ წარმატებებს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ აზერბაიჯანში. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია ეს, ჩვენი მეგობრობის მაჩვენებელია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თამაზ მოლაშვილი – სულხანს მეგობრები ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ, მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა, როდესაც გაწამებდნენო, საშინელ წამებაში ჰყავდათ

სულხან მოლაშვილს სამ-თვიანი პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ, რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის ორ საათზე, საკნის წინ, როდესაც ეძინა, პროკურორისა და მოსამართლის მონაწილეობით შეუფარდეს მესამე პატიმრობა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილის თქმით, „სულხან მოლაშვილს საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს“.„სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ. თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, ორ საათზე მივიდნენ, სულხანს ეძინა, პროკურორი, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ შეუფარდეს პატიმრობა. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს“,  – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.ამასთან, როგორც კომისიის სხდომაზე თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, სულხან მოლაშვილი საშინელ წამებაში ჰყავდათ.„სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ, მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, იქ ძალიან დააავადეს სულხანი“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ – გურამ მაჭარაშვილი

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ, – ამის შესახებ ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავარია, რომ ახალგაზრდებმა მოისმინონ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლები და ამაზე ჰქონდეთ რეაგირება.„რთულია გახსენება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ კომისიისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, რომლებიც დღეს, მაგალითად, აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას „წამებას“, რომელიც ღიმილით გამოდის საპატიმროდან მეორე დღეს და სააკაშვილის „წამებას“, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, ოროთახიან ლუქსში არის წამოკოტრიალებული.მინდა, კიდევ ერთხელ ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მივმართო, რომლებიც გვიწუნებენ ხოლმე ხშირად დემოკრატიას და სხვათა შორის, არაერთხელ რეზოლუციასა და კომენტარში ახსენეს, რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. აი, ამ სხდომებს ხომ უყურებენ, უკვე ორ თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქონება დაკარგა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ სხვა, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე. აი, ამიტომ მაქვს სურვილი, რომ გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი ამ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს ფაქტებით და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით. რაც მთავარია, საზოგადოებით. ამიტომ მინდოდა, გამეკეთებინა ეს განცხადება, რომ მესამე თვე სრულდება და აი ამ მართლაც წამებებზე და უბედურებებზე გამოხმაურება რა არის ზოგიერთი ელჩისგან, ჯერჯერობით არავინ არ იცის. მთავარია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც იმ ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ ვითომ დემოკრატიის უკუსვლას, აი, ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები