ორშაბათი, ივნისი 30, 2025

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილი ერთობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამონარიდი პატრიარქის 1988 წლის სააღდგომო ეპისტოლედან

წმიდა მოციქული პავლე გვარიგებს: მთელი ქონება რომ გლახაკთა დაურიგო, ხორცი შენი რომ ცეცხლს მისცე გვემად, ადამიანთა და ანგელოზთა ყველა ენა რომ შეისწავლო, წინასწარმეტყველის ნიჭითაც რომ იყო დაჯილდოებული და ქვეყნის ყველა საიდუმლოს ფარდა ჰქონდეს შენთვის ახდილი, რომ გქონდეს ყოველგვარი ცოდნა და რწმენა, მთების გადაადგილებაც რომ შეგეძლოს და სიყვარული კი არ გქონდეს, მაინც უხმარი სპილენძი იქნები, არარაობა იქნები შენ (1 კორ. 13, 2-3), რადგან არ იქნება შენში მთავარი მხსნელი ძალა - სიყვარული, რომელიც არის მომცველი ყოველთა მცნებათა და აღსრულება მათი.სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან თავისუფალია თავის მოყვარების ეგოისტური გრძნობისაგან. „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის... არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“ (1 კორ. 13, 4-7).ღმერთი, მოყვასი და მე - აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული; დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც.ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლადიქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურისგან, იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც საკუთარი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი - აი მთავარი თემა სახარებისა.სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი:იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი, აუღელვებელი. წერა-კითხვა რომ ისწავლა, მთელი წმიდა წერილი დაიზეპირა და თავის მთავარ საქმედ სახარების ქადაგება აირჩია.ერთ ქალაქში ოც მონეტად მონად დაუდგა წარმართ მსახიობებს. მათთან ერთად ცხოვრობდა, მათთვის შრომობდა და თან გამუდმებით უქადაგებდა ღვთის სიტყვას. ბოლოს მიაღწია იმას, რომ ყველანი გააქრისტიანა და დაარწმუნა, დაეტოვებინათ წარმართთა თეატრი.როცა ისინი მოინათლნენ, გადაწყვიტეს, მონობიდან გაეთავისუფლებინათ სერაპიონი. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა, რომ იგი მონა არ ყოფილა და რომ ემსახურებოდა მხოლოდ მათი გადარჩენისა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებისთვის. მსახიობებმა სთხოვეს სერაპიონს, რომ მათთან დარჩენილიყო და სულიერი მამობა გაეწია, მაგრამ უარი მიიღეს. წმიდა სერაპიონმა დაუბრუნა მათ ის ოცი მონეტა, თვითონ კი გაემგზავრა სხვა ქალაქებისა და სოფლებისაკენ სხვა გაჭირვებულთა დასახმარებლად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.მომზადდა შესაბამისი დადგენილების პროექტები, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარ სიაზე უარი არ უთქვამს და მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა, მისივე განმარტებით, პარტიის ეს წევრები პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდნენ.რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მიმართ დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.„მოგეხსენებათ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იყო იმ პარტიათა შორის, რომელმაც 2024 წლის არჩევნებში გადალახა ბარიერი. თუმცა, სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ პარტიას უარი არ უთქვამს თავის სიაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მისი მანდატით აღჭურვილი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და როგორც რეგლამენტი გვეუბნება, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტს თუ არასაპატიო მიზეზით აცდენს პარლამენტის წევრი, განსახილველად დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ჩვენმა კომიტეტმა რეგლამენტის თანახმად მოიკვლია 12 წევრის დასწრების საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, დასკვნის მიხედვით, ვაძლევთ რეკომენდაციას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პარტიის წევრებს ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება. ამ თემასთან დაკავშირებით ცალკეული სპეკულაციები იყო, რომ ჩვენ მაისში უნდა მოგვეხდინა ამ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. სესია როდესაც სრულდება, სწორედ მაშინ ეძლევა 10-დღიანი ვადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, დღის წესრიგში დგას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ეს დეპუტატები არიან: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, გიორგი გახარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა გივი მიქანაძემ დაიკავა.განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და სიღრმისეული აკადემიური განათლება.„ორი სიტყვა მინდა, ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის, წლების განმავლობაში, იყო შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში, მთელი წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე“,- განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე წულაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროში, რასთან დაკავშირებითაც, რამდენიმე დღის წინ, დეტალური ანგარიში ჩავაბარეთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა, მას ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.გივი მიქანაძემ მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დროებით საგამოძიებო კომისიას წერილით მიმართა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას წერილით მიმართა.წერილში აღნიშნულია, რომ კომისიამ კიდევ ერთხელ განიხილოს გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად ჩართვის საკითხი.„ქალბატონო თეა, როგორც გიორგი გახარიას წარმომადგენელი და მინდობილი პირი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან“ ურთიერთობის საკითხში, გიორგი გახარიასთან კომუნიკაციის შემდეგ, გიორგი გახარიას სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მის მზაობას, თქვენ მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს,11:30 სთ-ზე, თქვენი კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემასთან დაკავშირებით.როგორც თქვენთვის კარგად ცნობილია, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, არის საზღვარგარეთ, რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილ შეხვედრებზე. მისი დატვირთული, უკვე დაგეგმილი გრაფიკისა და კომისიის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას და გთავაზობთ დისტანციურ ჩართვას თქვენი კომისიის მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, რის შესაძლებლობასაც იძლევა თქვენი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი.აღნიშნული შემოთავაზება გიორგი გახარიას კომისიაზე პირველი გამოძახებისას, თქვენი კომისიისგან ერთხელ უკვე მივიღეთ.აქვე გვსურს დავაფიქსიროთ, რომ 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე თქვენი კომისიის წევრების მხრიდან გიორგი გახარიას დისტანციური საშუალებით გამოკითხვის შეთავაზების საკითხის განხილვას, მოჰყვა ისეთი სახის შეფასებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე თქვენივე კომისიის დებულებას. ზემოხსენებული არცერთი სამართლებრივი აქტი არ აკეთებს თქვენს საგამოძიებო კომისიაზე გამოსაკითხი პირების სტატუსებს შორის რაიმე სახის დიფერენცირებას, არ არსებობენ დაზარალებულის, მოწმის ან ბრალდებულის სტატუსის მქონე გამოსაკითხი პირები საგამოძიებო კომისიაზე, შესაბამისად არ არსებობს გამოსაკითხი პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის განსხვავებული პროცედურული თავისებურებები უფლებრივ ჭრილში.23 ივნისის სხდომაზე, ვერ მოვისმინეთ ვერცერთი იურიდიული ან/და ლოგიკური არგუმენტი, კონკრეტულად რით შეეშლება ხელი თქვენს კომისიას დისტანციური გამოკითხვისას, თუ იგი რეალურად დაინტერესებულია ჩორჩანასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებების ვერბალურად მოსმენით.მიუღებლად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ თქვენი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარ დააფიქსირა პოზიცია გამოსაკითხი პირის – გიორგი გახარიას, როგორც პასუხისმგებელი/დამნაშავე პირის მიმართ კრიტიკული გამოკითხვის მეთოდის გამოყენების აუცილებლობაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საპროცესო კანონმდებლობით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რის თანახმადაც ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.“საქართველოს პარლამენტის წევრის, შესაბამისად თქვენი საგამოძიებო კომისიის წევრის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტი აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოს თქვენმა კომისიამ გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციური მეთოდით გამოკითხვის საკითხის გადაწყვეტისას, იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე ფართომასშტაბიანი სახელისუფლებო კამპანიის ფარგლებში უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟღერდება დაუსაბუთებელი ბრალდებები და აშკარად და უხეშად ირღვევა პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თქვენი საგამოძიებო კომისიის მიმდინარე სხდომებზე დისტანციური მეთოდით, საჯაროდ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა არაერთ პირს: გიორგი ბურჯანაძეს, მიხეილ ქარელს, გოჩა კაკოიშვილს, ნონა ყაულაშვილს, დავით ბაქრაძეს და სხვებს.შესაბამისად, გიორგი გახარიასთვის დისტანციური საშუალებით გამოკითხვაზე უარის თქმა წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა, მითუფრო, როდესაც თქვენივე საგამოძიებო კომისიის დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი გამოსაკითხი პირის საზღვარგარეთ ყოფნას მიიჩნევს მისი დისტანციური მეთოდით გამოკითხვის აუცილებელ წინაპირობად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, 23 ივნისის სხდომაზე, თქვენთვის კარგად იყო ცნობილი გიორგი გახარიას საზღვარგარეთ წინასწარ დაგეგმილი რამდენიმე კვირიანი ვიზიტით ყოფნის შესახებ ინფორმაცია, რაც გამორიცხავდა 2 ივლისის სხდომაზე მისი ფიზიკური მონაწილეობის შესაძლებლობას.თქვენი და თქვენი კომისიის წევრების მხრიდან საჯაროდ, თქვენი კომისიის ფორმატსა თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაჟღერებული მიკერძოებული განცხადებები და ბრალდებები, დისტანციურ გამოკითხვაზე უარი და ამ საკითხთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გიორგი გახარიასთვის ცხადყოფს, რომ თქვენი კომისია შესაძლოა ბოროტად იყენებდეს თავის „მანდატს“ მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, რადგან, მისი შეფასებით, როგორც ჩანს, თქვენი რეალური მიზანი არ არის ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით პასუხების მოსმენა, რადგან თქვენი მხრიდან უარგუმენტოდ იბლოკება გიორგი გახარიას მზაობა, კომისიის მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, დისტანციურად ჩაერთოს კომისიას ახსნა-განმარტების მისაცემად.ამიტომ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილოთ აღნიშნული საკითხი და გონივრულ ვადაში გვაცნობოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს გიორგი გახარია რა ტექნიკური საშუალების, ელექტრონული კომუნიკაციის რომელი პროგრამით ჩაერთოს თქვენი საგამოძიებო კომისიის სხდომაში“, – ნათქვამია წერილში.

ირაკლი კობახიძე – დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, თუმცა მზად ვართ, ვიმოქმედოთ მის შესაბამისად

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამარცხვინოა, თუმცა ეს ქვეყნების უფლებაა.„ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები