გიგა ოთხოზორიას დედა და ოჯახის წევრები დღეს წილკანში ჩასვლას და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებას გეგმავენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპერსნიუსი“ ავრცელებს.
“ოჯახის ყველა წევრი წავალთ, ბავშვებსაც წავიყვანთ. პატივისცემის, თანაგრძნობის, თანადგომის ნიშნად. რა შეიძლება ამ დროს კიდევ გამოხატოს ადამიანმა?“, – აღნიშნა ოთხოზორიას მეუღლე ნინო მატკავამ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.