ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი – გვექნება ბევრი აქცია და ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც საქმის მასალები გააყალბა – პარლამენტში შევიტანთ განცხადებას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია

დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს – ჩვენ გვექნება ბევრი აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბა, – ამის შესახებ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან კითხვის ნიშნები გააჩნია.

„ჩვენ გვინდა, რომ გადმოგვცენ სისხლის სამართლის საქმის მასალები. დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს. როდესაც დედას შვილი ცოცხალი ჰყავდა, მისცეს დადგენილება, რომ სავარაუდო დანაშაული შეიცავდა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებს. როცა ცოცხალი იყო ადამიანი ამბობდნენ, რომ 117-ე მუხლის მესამე ნაწილის სავარაუდო ნიშნებს შეიცავდა და როცა გარდაიცვალა უცებ გაქრა ეს და აღმოჩნდა, რომ ჯგუფური დანაშაული არ მომხდარა. ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინა ეს სიბინძურე საქართველოს პროკურატურამ?

ხომ შეიძლება ამ უწყებამ ერთხელ და სამუდამოდ ერთი საქმე მაინც გამოიძიოს, რომელზედ ადამიანებს კითხვის ნიშანი არ გაუჩნდებათ? ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშანი“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებულთან შეთანხმებით, ის პროკურატურას აძლევს 2-კვირიან ვადას და ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი და დაზარალებულს უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები.

„ჩვენ გვექნება ბევრი აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბა. ჩართული გვყავს ძალიან კარგი ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მიმარტავს…

პირადად მე გპირდებით, ეს იქნება საქმე როგორიც იყო – ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ, თუ ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარდება. საქართველოს ხელისუფლება მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა.

ვაფრთხილებ გენერალურ პროკურორს და იმ პროკურორებს, რომლებმაც ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგეს და ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბეს: გონს მოეგონ, აქ მთელი საქართველო დადგება, რადგან ახალი დასაკარგი შვილი, გიგა ავალიანი აღარ გვყავს. ავალიანის საქმეზე ის განაჩენი უნდა დავაყენოთ, რაც დაიმსახურეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, ის მომავალ კვირაში აპირებს მიმართოს საქართველოს პარლამენტს განცხადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, სადაც მივა საქმის ყველა პროკურორი და უპასუხებს დაცვის მხარის კითხვებს.

„ჩვენ მომავალ კვირაში მივდივართ საქართველოს პარლამენტში, სამართლებრივად შევიტანთ განცხადებას, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და მოვიდეს ყველა პროკურორი და შვილმკვდარ დედას პასუხი: თუ სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, სავარაუდო დანაშაული, შემდეგ რომ გიგა გარდაიცვალა, როგორ შემსუბუქდა? ჩვენ დავინახავთ, საით დგას საქართველოს ხელისუფლება – მკვლელების მხარესაა თუ შვილმკვდარი დედის მხარეზე. შექმნიან თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და მე ზაზა ხატიაშვილს, ყველა ადვოკატს და ეკატერინე კუპატაძეს გვექნება თუ არა შესაძლებლობა ყველა პროკურორს დავუსვათ კითხვა. გვითხრა, რატომ არ არის ეს ჯგუფური დანაშაული“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო.ზურაბ ტომარაძე გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წამყვანი ქართული გუნდების მწვრთნელი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული კალათბურთთან და მოპოვებულ ტიტულებთან და პრიზებთან ერთად ზურაბ ტომარაძის დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობების აღზრდაა.

ორი სიახლე აბიტურიენტებისთვის – რას ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

6 აპრილს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Web-გვერდზე 11 მაისამდე შეეძლებათ. პროცესი 6 აპრილს დილის 10:00 საათიდან დაიწყება.ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს  პროცედურებს გაეცნონ და ყველა ეტაპი დროულად გაიარონ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ."სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში, აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ჩასაბარებელი საგნები და საგამოცდო ქალაქი. მიმდინარე წელს აბიტურიენტებისთვის 2 მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მეორე სიახლე არის ის, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები", - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა.

„ბიბისის“ ცნობით, ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს

ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.დაკავებულის შვილის, მეჰრავე ხანდანის თქმით, სოდუთე გასულ ღამეს დააკავეს, როდესაც ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ოჯახს უფლებადამცველთან კონტაქტი არ ჰქონია.ხანდანის ინფორმაციით, როდესაც ოჯახის ახლობლები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ სოთუდეს ელექტრონული საშუალებები, მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.ჯერ უცნობია, თუ რატომ დააკავეს ნასრინ სოთუდე. „ბიბისი“ წერს, რომ 30 მარტს, უცხოურ მედიასაშუალება IranWire-თან ინტერვიუში, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებული ინტერნეტის გათიშვის გამო ტექსტური შეტყობინებებით ჩატარდა, სოთუდემ კომენტარი გააკეთა თეირანში მიმდინარე ომის ფონზე არსებულ მდგომარეობაზე და ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა.ნასრინ სოთუდე სახაროვის პრემიის ლაურეატი 2012 წელს გახდა. ის ირანში რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება

ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიუ გუტერეშმა განაცხადა.გუტერეშმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, შეწყვიტონ ომი, ხოლო ირანს – შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა.გუტერეშმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ლიდერები განადგურების ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.„კონფლიქტის ბევრი ასპექტი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველი არ არის: თუ ომის დაფდაფებზე დარტყმა გაგრძელდება, ესკალაცია მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გუტერეშმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ბოლო სიახლეები