პოლიტოლოგის, გია ხუხაშვილის თქმით, ფინანსურ ნაკადებზე ტოტალური კონტროლი ავტორიტარული მმართველობებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა და მისი მიზანია ალტერნატიული პოლიტიკური ძალებისთვის რესურსების გადაკეტვა, რათა ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმი ჩამოყალიბდეს. შესაბამისი განცხადებებით, ხუხაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი შეაფასა, რომლის მიხედვითაც გრანტის განსაზღვრება დაზუსტდება.
როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია პოლიტიკური კონკურენციის განადგურება და ერთი დომინანტური პარტიის მუდმივი არსებობა.
„ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესის განუყოფელი ნაწილი. ფინანსურ ნაკადებზე ტოტალური კონტროლი არ არის საქართველოში მოგონილი. ნებისმიერ ხელისუფალს მიაჩნია, რომ თუკი ალტერნატიული რესურსები არ იქნა და ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ფეხს ვერ მოიკიდებს პოლიტიკაში. ამოცანაა ერთპარტიული რეჟიმის ჩამოყალიბება. იმისათვის, რომ ეს გააკეთო უნდა გადაკეტო ყველა მატერიალური რესურსი. ეს არ არის მარტო საქართველოში. ავტორიტარულ ქვეყნებში აღნიშნული კანონმდებლობა დიდი ხანია მოქმედებს. ფაქტობრივად, ეს არის იმის აღიარება, რომ არანაირ დემოკრატიაზე საუბარი არ არის, ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმი მკვიდრდება, შესაბამისად, კანონმდებლობით მაგრდება ერთპარტიული სისტემა.
უნდათ, რომ რესურსები გამოაცალონ ალტერნატიულ პოლიტიკას. პოლიტიკური კონკურენცია უნდა მოკლან. ამის მიზანია, რომ მუდმივად იყოს ერთი დომინანტური პარტია. მისივე წიაღიდან აღმოცენებული ოპოზიცია, რომელთანაც შემდეგ დებატებსაც გამართავენ და ამას დაარქმევენ სუვერენულ დემოკრატიას. ეს ტერმინი არის რუსეთში. მოგეხსენებათ, რუსეთში არის ერთი დომინანტური პარტია და მისი სატელიტები“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ანალიტიკოსმა ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციურ ველზე მკაფიო ლიდერი არ იკვეთება.
ხუხაშვილის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს პარტიების გაერთიანებას, თუ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნებათ. ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხალხის ნდობის დაბრუნებაა.
„მოხარული ვიქნები თუკი ოპოზიციაში ვინმე ლიდერად გამოიკვეთება, მაგრამ ჯერჯერობით კაი პირი რომ არ უჩანს, ვხედავთ. მთავარი პრობლემა ოპოზიციის შეთანხმება კი არ არის, არამედ ოპოზიციის ავტორიტეტი ხალხში. რა მნიშვნელობა აქვთ თუკი პარტიებს ცალ-ცალკე არ აქვთ მხარდაჭერა. პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების მთავარი საზრუნავი არის ხალხის ნდობის დაბრუნება. იცით ნდობა როგორ ბრუნდება? ხალხთან უნდა მივიდნენ და ესაუბრონ. ტელევიზორიდან კი არ უნდა ელაპარაკონ მონოლოგის სახით, ხალხთან დიალოგში უნდა შევიდნენ. ხალხს უნდა გაუჩინონ განცდა, რომ ამ ხელისუფლებას რაღაცით ჯობიან. ხალხზე „ქართული ოცნება“ ტყუილს მაინც საუბრობს, ოპოზიცია კი საერთოდ არაფერს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, პარტიებს შორის საჯარო დისკუსიის დაბრუნებაზე, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გაგებით კონსტიტუციურ წესრიგს რეალურად მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები აღიარებენ, რომლებიც თავად ხელისუფლების წიაღიდან არიან წარმოშობილნი.
ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციამ დებატების შეთავაზების შემთხვევაში უარი არ უნდა განაცხადოს, რადგან, მისი თქმით, დებატებიც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ველია.
„ქართული ოცნების“ გაგებით კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს მხოლოდ მაჭარაშვილი, რომელიც თავისივე წიაღიდან გამოჩეკეს. გახარია კი შევიდა პარლამენტში, მაგრამ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ აღიარებს. გახარიასთანაც არ ექნებათ დებატები. „გირჩი“ შეიძლება. „გირჩი“ პარტიაა? ორი კინკილა კაცია.
თუკი დებატებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, დებატები არის ფორმა. მაგრამ „ქართულ ოცნებას“ დებატები „ხალხის ძალასა“ და „ოცნებას“ შორის თუ წარმოუდგენია, მაშინ ეს არ არის დებატები, ეს ფარსია. ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება დებატებზე ასეთი შეთავაზება, მათ ადგილას არ გავერიდებოდი, რადგან ესეც ბრძოლის ველია. მაჭარაშვილისა და პაპუაშვილს შორის დებატები ვის შეიძლება აინტერესებდეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

