საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც ხდება დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლიანობა არ არის, როდესაც კონკრეტული ადამიანები იმ პრობლემას არ ასახელებენ, რაც „მათი ბრტყელი განცხადებების მიღმა იმალება“.
„ევროპისა და ამერიკის სივრცეს გადავხედოთ, დაპირისპირების რა ხარისხია პოლიციის მხრიდან, როცა აგრესიული ხდება გამოსვლა. იმას არ უნდა ველოდოთ, რომ ამა თუ იმ ფორუმზე ხელებს გაშლიან და იტყვიან, საქართველოს ხელისუფლება მართალი ყოფილაო. ჩვენი ვალდებულებაა, მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რა ხდება და იმასაც თვალი მივადევნოთ, მსოფლიოში რა ხდება. იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სტაბილურობის შერყევის მცდელობა შეუქცევადი არ გახდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

