პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რიგ შემთხვევებში, საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურია.
„მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ, მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება იქნება რუსეთთან ეკონომიკური თუ სამხედრო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გაცილებით უფრო ნათელი ბოლო პერიოდში გახდა. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი აქვთ. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა „მზად ვართ“ არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გარკვეული ინტერესები აქვს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

