თამარ ჩერგოლეიშვილი ახალს არაფერს ამბობს. წლების განმავლობაში ვუყურებთ, რომ სადავეების ხელში აღებას „ნაცმოძრაობა“ ცდილობს და პროცესებს მართავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ბევრი მათგანი ახალგაზრდების ზურგზე შეხტა და ისე გამოჭენდა ბრძოლის ველზე“.
„ისეთი სიტუაცია შექმნეს, თითქოს ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა გარდაუვალია და ეს არ უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არამედ ფიზიკური დაპირისპირებით. ამას თვალყურს, წლებია, ვადევნებთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ის გარკვეულ ნიშას ეძებს, რადგან კარგად იცის, რომ ასეთ რევოლუციას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს. ეს პარტია სექტად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი ამოცანა სისხლისღვრაა. ბაჩო ახალაია მათგან შორს არასოდეს ყოფილა. თუ ვინმე ამბობს, რომ ბაჩო ახალაიასთან სამზარეულოში ჩაის დასალევად ადიოდა და არა რევოლუციურ გეგმაზე სასაუბროდ, ამას ვერ დავიჯერებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.