აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინაში, – ამის შესახებ „ფოქსთან“ ინტერვიუში გენერალმა, კით კელოგმა განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს.
კელოგის თქმით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევის წინა მცდელობები, რომელიც ცნობილია როგორც მინსკის პროცესი, „წარუმატებელი აღმოჩნდა“.
ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ 175 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია და ახლა დროა, ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ დახმარება.
„პრეზიდენტი ძალიან, ძალიან თანმიმდევრულია იმაში, რაც მას სურს, რაც არის მკვლელობის შეჩერება და რეგიონში მშვიდობის დამყარება. ეს არის მისი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. მაგრამ მას სურს მშვიდობა, რომელიც სამართლიანი, სტაბილური და უსაფრთხო იქნება. მას ესმის მოკავშირეებთან და ასევე ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის დანახვა და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს შედარებით ახლო მომავალში“, – განაცხადა კით კელოგმა.