შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო.
ფოფხაძის თქმით, შიმშილობას ნამდვილად სჯობს ერთიანი ფრონტით ბრძოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს შეთანხმება ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე.
გედევან ფოფხაძის განმარტებით, უნდა მოხდეს ოპოზიციაში შეთანხმება, რის გარშემო ერთიანდებიან, ამ ერთობის პრინციპები რა არის და ასეთ შემთხვევაში, ერთობას ექნება სასურველი პოლიტიკური შედეგი.
„ქალბატონ სალომეს ჩვენგან განსხვავებული არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის მთელი პოლიტიკური და სახალხო საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, თორემ ის, რომ შიმშილობას სჯობია ერთიანობა და ერთი ფრონტით რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, უნდა დავამთავროთ მაშინ საუბარი რაღაცა ტაქტიკურ თემებზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთ მუშტად ვიკვრებით, ბრძოლა არის უკომპრომისო, რეჟიმთან არ ვთანამშრომლობთ არანაირი ფორმით, ამ ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე შევთანხმდეთ, ისეთზე, რაც მართლა შეაჯანჯღარებს რეჟიმს. ის კი არ იქნება, რიმ პოლიციელები მოვლენ და უბრალოდ ჩვენს ყურებას დაიწყებენ, არამედ შეეშინდება რეჟიმს იმისი, რასაც ვაკეთებთ პროტესტის თვალსაზრისით, რადგან ემპათია მათ არ აქვთ. ძალიან კარგად მესმის, რომ რამდენი მოშიმშილეც არ უნდა იყოს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეჟიმის ემპათიას არ გამოიწვევს და არც არაფერს დათმობენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.