ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება როდესაც არის და პოლიტიკური პატიმრები არიან, იქ რადიკალური პროტესტი აუცილებელია. შიმშილობას თუ დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიღაცამ, შესაძლოა, გააკეთოს მორიგეობის სახით.
„ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვშიმშილობ. ყველამ, ვინც გაითავისა, რომ ეს პროტესტი სწორი ფორმაა, შემოუერთდა აქციას და ერთად ვართ, კარგად ხვდება, რომ ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ცუდი პროცესი, რომელიც უნდა გაპროტესტდეს. ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის პრობლემა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში შექმნა. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია დაიწყეს, გადაწყვიტეს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი წაშალონ, დიქტატურა გააფორმონ. უკვე არაადეკვატურია, ასეთ მოცემულობას დაუპირისპირდე აკადემიური პროტესტის ფორმებით. ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება როდესაც არის და პოლიტიკური პატიმრები არიან, იქ რადიკალური პროტესტი აუცილებელია. შიმშილობას თუ დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, მივხვდებით, რომ აქ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი 24 საათი.
ჩვენ გვაქვს პროტესტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან და 24 საათი აქ ვართ. აქ რომ იქნება 24-საათიანი საპროტესტო ჯგუფი, მას დასჭირდება კარვები და ამ პროტესტის თანმდევი კარვები იქნება. თუ აქ მოშიმშილეთა ჯგუფია, არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი. 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება მეგობრების, თანამოაზრეების თანადგომა. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით. ამ პროტესტით ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ 24-საათიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს, რუსთაველზე 24-საათიან ყოფნას ალტერნატივა არ აქვს, ეს ვიღაცამ, შესაძლოა, გააკეთოს მორიგეობის სახით. ჩვენ 24 საათი თუ ვართ, ვიღაც 3-4-6 საათი იყოს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

