69 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ჩარკვიანის და – თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.
მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-1979 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1982-1992 წლებში გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალის, „ლიგის“ პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის „მწვანე რტოები“ (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“ (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – „წლის საუკეთესო სიმღერა“ – სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“.
დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“.
2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.