შაბათი, ივნისი 7, 2025

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას რეკორდული რაოდენობის – 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და იგი, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა.

„რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება.

რეზოლუციის განხილვისას, 3 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), კანადამ (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელით) და იაპონიამ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერადაც შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კირიბატი, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ფიჯი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მას ჩემს ქამარს არ მივცემ…“ – რა მოხდა დვალიშვილის პრესკონფერენციაზე

UFC 316-ისთვის მიძღვნილი ტრადიციული პრესკონფერენცია კომპანიის ისტორიას ერთ-ერთ ყველაზე ხანმოკლე ღონისძიებად დარჩება. სცენაზე ამოსვლის მომენტიდან, მებრძოლებმა პუბლიკასთან სულ რაღაც 13 წუთი გაატარეს. თუმცა, შონ ო'მალიმ და მერაბ დვალიშვილმა ერთმანეთის მიმართ შედარებით მეგობრული დამოკიდებულების მეტოქეობით ჩანაცვლება ამ მოკლე დროშიც კი მოასწრეს.ყველაფერი თავაზიანი მიმოცვლებით დაიწყო, ოპონენტებმა ერთმანეთზე საკმაოდ დადებითად ისაუბრეს და აუდიტორიას მხოლოდ პირველ ბრძოლაზე უფრო სანახაობრივ რევანშს დაპირდნენ.მერაბ დვალიშვილი: “ეს ახალი ბრძოლაა, ახალი გამოწვევაა. როგორც შონმა თქვა, ამჯერად ის 70%-ით უკეთესი იქნება და მის უკეთესს ვერსიას ველოდები. ვიცი, რომ ახლა უფრო თავმდაბალია, მაგრამ ჩემი დანოკაუტება უნდა და აქ იმისთვის ვარ, რომ ეს არ დავუშვა. ჯერ მას გავტეხ, შემდეგ კი შეგვიძლია ვიმეგობროთ. უპრობლემოდ. მაგრამ 7 ივნისს კვლავ მტრები ვართ. უკეთესს ბრძოლას ვაჩვენებ და მას გავტეხ.”შონ ო'მალი: “ეს სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება. რემატჩებში დაუმარცხებელი ვარ და ეს ასე დარჩება… მერაბი საკუთარი ბრძოლის სტილის ოსტატია და - არანაირი გამართლება - მან პირველი ბრძოლა მოიგო.”მერაბ დვალიშვილი: “ეს ბრძოლაა და ყველაფრისთვის მზად ვარ. ძლიერი მებრძოლია, UFC-ში 10 გამარჯვება აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, მე გავიმარჯვებ და მას ჩემს ქამარს არ მივცემ. ეს ჩემია და ჩემთან დარჩება.”

რევაზ სოხაძე – კახეთის რეგიონში შეფერხებულ პროექტებზე მივიღებთ შესაბამის ზომებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, სამინისტროს თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში გზების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და წყალარინება-წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის და ურბანული სივრცეების განახლების სამუშაოები დაათვალიერეს.როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, კახეთში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტები სტრატეგიული მნიშვნელობის არის, რადგან საქართველოს აქვს ყველა დიდი ქალაქისა და სოფლების უმეტესობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ვალდებულება.„აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მშენებლობაც, სადაც არის გარკვეული შეფერხებები რამდენიმე კომპანიის მხრიდან. იმისათვის, რომ ობიექტები ჩაბარდეს განსაზღვრულ დროში, იქნება მიღებული შესაბამისი ზომები და ადეკვატური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საერთო ჯამში, 250 ბავშვზე გათვლილი ოთხი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.თელავის ისტორიულ უბანში, გრძელდება დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და ღია საზოგადოებრივი მოედნის მოწყობა. ასევე, დასკვნით ეტაპზეა ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.რევაზ სოხაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით, თელავში და რამდენიმე ქალაქში პოტენციური ადგილებიც მოინახულეს და განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების და გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების და ახმეტაში წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები.მთლიანობაში, კახეთის რეგიონში მიმდინარე 25 პროექტის შედეგად, 107 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.აქტიურ ფაზაშია ქალაქ ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნული გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე – არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო – მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში

მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მას არ სურს, რომ კორუფცია გაგრძელდეს.“ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. როგორც მე მოვისმინე პოლიტიკოსებისგან, ხალხს ვუთხრათ, არჩევნებზე არ გამოხვიდეო, პირიქით უნდა ვუთხრათ. მათ უნდა ვუთხრათ, შენი შვილი რომ გალახეს, შენ სოციალური დახმარების მოხსნა რომ გემუქრება ან სამსახურიდან გაგდება, შენ გაქვს საშუალება, რომ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მთელი რეგიონი, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ ფეხდაფეხ და ვუთხრათ, რომ შენ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“.

ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო.რუსული მხარის თქმით, სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებულია ათასობით უკრაინელი სამხედროს ცხედარი, რომელთაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმები აცვიათ.„ისინი მომზადებულია უკრაინული მხარისთვის გადასაცემად. ასევე მომზადებული გვაქვს დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეთა სიები. საერთო ჯამში, თითოეული მხრიდან დაახლოებით 1200 სამხედრო ტყვეა და ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ გადავცეთ ისინი უკრაინელ მხარეს“ – აღნიშნა მედისნკიმ.ვლადიმერ მედინსკი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე სტამბოლის მიღწეული შეთანხმებების მიხედვით გაცვლის ადგილზე მივიდა, მაგრამ უკრაინელი მომლაპარაკებლები არ გამოცხადდნენ.„სტამბოლში შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, გაცვლა დღეს უნდა დაწყებულიყო. ჩვენი წარმომადგენლები საზღვარზე, გაცვლის ადგილას მივიდნენ., თუმცა სამწუხაროდ და ჩვენ არ ვიცით რატომ, მაგრამ ამ დრომდე არ არიან უკრაინის წარმომადგენლები, არ არის უკრაინული დელეგაცია და არ არის სიები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინელ მომლაპარაკებლებს, მკაცრად დაიცვან მიღწეული შეთანხმებები. ოჯახები ელიან თავიანთ ვაჟებსა და ქმრებს. ათასობით ოჯახს ექნება შანსი ღირსეულად და ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით დაკრძალონ თავიანთი სამხედროები. ჩვენ ადგილზე ვართ, მზად ვართ ყველა შეთანხმება შევასრულოთ. მოგიწოდებთ ჩაიბაროთ თქვენი სამხედროები. მოდით, მოვიქცეთ ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ ადამიანები“, – განაცხადა მედისნკიმ.

„გახარია საქართველოსთვის“ – სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი

სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ფეისბუქზე“ წერს.პარტიის განმარტებით, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია მიზნად ისახავს იმ საჯარო საჯარო მოხელეების დასჯას, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულნი არიან.„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად უქმდება ინკლუზიური განვითარების სამმართველო და სკოლამდელი განათლების სამმართველო. ეს რეორგანიზაცია და მანამდე სამინისტროში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც შეიმუშავა ან/და ხელი მოაწერა პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი. ამ ორი სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმება (ტექნიკურად სხვა სამმართველოებთან გაერთიანება) ემსახურებოდა კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას.ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი გუნდი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები