“ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად, პოლიტიკური პლატფორმა მზადდება, პარტიებში “ლელო” და “საქართველოსთვის” არ ადასტურებენ. პარტიები ერთმანეთთან საარჩევნო გაერთიანებას უარყოფენ, თუმცა არცერთი მხარე არ მალავს, რომ პრეზიდენტთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და თანამშრომლობენ პოლიტიკურ საკითხებზე.
“საკითხებზე თანამშრომლობა პრობლემა არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენთვის წითელი ხაზია “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”, ხოლო “ლელოსთან” დაკავშირებით მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენი პრაგმატული ინტერესი იყო, რომ “ლელომ” ისე გადალახოს ბარიერი, რომ არ “განაცდეს”. ჯამში, 50%-ზე ქვემოთ უნდა ჩავტოვოთ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ამისთვის, მხოლოდ ჩვენი გუნდის გაძლიერება არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, გაძლიერდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ნაცები” არიან და არც “ოცნება”, სწორედ ესაა ჩვენი პრაგმატული ინტერესი.
პერსონალური კომუნიკაცია გიორგი გახარიას სალომე ზურაბიშვილთან ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამას თუ უწოდებთ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ქალბატონ პრეზიდენტთან – რა თქმა უნდა, და დიდი სიამოვნებით, რადგან ბევრ საკითხზე ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა”, – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.
“ლელოში” ამბობენ, რომ ინტენსიურად არიან ჩართულნი მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში პროდასავლურ აქტორებთან.
“ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ტიპის ალტერნატიული ცენტრი, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს ორპოლუსიანობას. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილთან გვქონია კომუნიკაცია ბოლო პერიოდში, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს კომუნიკაცია ყოველთვის ყველასთვის იყო საჯარო, არ ყოფილა დაფარული და ნამდვილად არ ყოფილა კომუნიკაცია პარტიულ, პოლიტიკურ საკითხებზე, როგორც ასეთი. გიორგი გახარიასთან, ასევე, არ ყოფილა კომუნიკაცია ამ ტიპის პარტიულ-პოლიტიკურ საკითხებზე”, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ “ხალხის ძალის” ინფორმაციით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას “საქართველოსთვის” და მამუკა ხაზარაძის “ლელოს” გასაერთიანებლად. მათივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური კონფიგურაციების დატესტვის მიზნით, ბაზარზე ახალი პლატფორმის შექმნა გადაწყდა, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან და სწორედ ეს პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიციონერები საერთო ენას გამონახავენ.