პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. რეზოლუციას, რომელიც ევროპულ საქართველოსა და ქართულ ოცნებას შორის პოზიციების შეჯერების შემდეგ შემუშავდა, ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა მხარი არ დაუჭირეს.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს წევრი ევროპული საქართველოდან გიორგი გაბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა “ვიწროპარტიული სიბრმავის მსხვერპლია”.
“ტატუნაშვილი – ოთხოზორიას სიას პატრიტთა ალიანსმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ხმა არ მისცა. ალიანსი გასაგებია – რუსები არიან. ნაციონალების ფრაქცია კი ,სამწუხაროდ, ვიწროპარტიული სიბრმავის მსხვერპლია”- წერს გაბაშვილი Facebook-ზე.
5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.