ორშაბათი, მარტი 23, 2026

ბიძინა ივანიშვილი – უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…“

ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას – დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.

„დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს – არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას.

ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება, პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს. თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი საქართველო გააცოცხლა?! თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა?! ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით.

უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვნეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა – ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ! უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.

ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას – მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ… ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერ შვილებად, მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს – ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.

უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის… ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…““, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე ნიკოლოზი:მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ...

"მე ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდები - "მე ბოლო პატრიარქი ვარო", რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა - ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ: როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და ამაღლდა ზეცად, სახარებიდან როგორც ვიცით, შემდეგ როცა მოციქულები იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს სუფრაზე ერთ ადგილს ტოვებდნენ, თეფშს დებდნენ და მაცხოვარი ნამდვილად იქ იყო. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ იყო, ღვთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს.მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, მათ შორის სინოდის სხდომაზე. უნდა იგულისხმებოდეს, რომ მას პატრიარქი ესწრება. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, ვფიქრობ, ჩვენი ძმური სიყვარულით, ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენი ძმური სიყვარულით მხარს დავუჭერთ. ასე მგონია, რომ ჩვენ ყველანი ვეცდებით, ასე ვხედავ ამას მე დღეს, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ პატრიარქი იგულისხმებოდეს. გაუჭირდება თუ ამპარტავნებით მოინდომებს. წარმოუდგენელია. თუ თავმდაბალი იქნება ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ გამოვარჩევთჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა, ბოლო წლებია ის ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა, ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წყვეტდა ყველაფერს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია, ასეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი. ჩვენ ბევრჯერ ცხარე კამათი გვქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. ასეთი ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი, მაშინ... მე მჯერა, რომ იქნება" -თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას.

ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს

სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს-ღმერთო მაღალო!!! ხვალ დილიდან ახალ ცხოვრებას იწყებს ჩემი პატარა სამშობლო

,,ღმერთო მაღალო!!! ხვალ დილიდან ახალ ცხოვრებას იწყებს ჩემი პატარა სამშობლო. გთხოვ შეგვეწიო, მოგვცე ძალა შევიცვალოთ, ცოტათი მაინც დავემსგავსოთ იმ ქვეყანას როგორზეც ჩვენი საყვარელი პატრიარქი ოცნებობდა. მოგვეცი ძალა, წესიერი, თავდადებული შრომისთვის, ეთმანეთის სიყვარულისთვის, დანდობისთვის და გაძლიერებისთვის. მოგვეცი ძალა სიყვარულის, ერთმანეთის უსაშველოდ შეყვარებისთვის. გვაკმარე ტკივილი და სიხარული მოგვეცი ქართველებს. ამინ!''-წერს ზურა შევარდნაძე.

ნუნუკა თამაზაშვილი: დიდი გულისტკივილით, სიყვარულითა და მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სამგლივიარო პროცესიას სამების ტაძარში უფროს ვაჟთან, ნიკოლოზ ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დაპოსტი გამოაქვეყნა.”გვიყვარხარ პატრიარქო❤️🥹 დიდი გულისტკივილით, სიყვარულითა და მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს❤️🥹” – წერს თამაზაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი – დღეს ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება, ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ...

დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ილია II-მ ასწავლა ქართველებს, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.„დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი.„განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა. თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა. „პატრიარქის საქართველო“ – ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება – სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები