ორშაბათი, აპრილი 6, 2026

ბიძინა ივანიშვილი-დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა. პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა. პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა! – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტია ავრცელებს.

„2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ღირსშესანიშნავი გამარჯვებების გვერდით კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა!

ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის!

ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას, ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება.

2012 წლის პირველი ოქტომბერი კი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად მე, „ქართულმა ოცნებამ“ და, მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან, გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დავიწყეთ.

13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალადა ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით, ვერავინ გააცურებს!

ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ.

მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამავდროულად კი, არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული, – ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!

განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია! საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის – მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების – ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა,სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან, დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.

რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.

პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო.

და მართლაც, სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!

სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია,გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.

ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.

მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!

და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე -ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.

ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.

ჩვენი ერთიანობის, 1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვრისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ.

მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს, ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.

ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!

გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს! გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“ – წერს ივანიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ

ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში და არა კვირებში“ სურს.„თუ ეს მოხდება, მოხდება. და თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის დღე და ეს იქნება ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში. ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.შეკითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ირანისთვის ვადას, რათა თეირანს მეტი დრო მისცეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

„მონობის აჩრდილი“: როგორ აფასებენ ვითარებას პუტინის ოლიგარქები

„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“, - აცხადებს დრონების წარმოების მენეჯერი, ალექსეი ჩადაევი და ქვეყანას „ახალი წარუმატებლობების“ შესახებ აფრთხილებს. იმავდროულად, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა „ღრმა კრიზისზე“ საუბრობს და 12-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითხოვს. მათი კრიტიკა პირდაპირი და მოურიდებელია... პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“ - BR24) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მიმდინარე დებატებს აკვირდება - ის რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს. „ასეთი სტატიის გამო, ოპოზიციის ნებისმიერი წევრი ციხეში ღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკური ბლოგერი მილიარდერი მეწარმის, ოლეგ დერიპასკას სენსაციურ მოსაზრებას. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ დერიპასკა პუტინის ოლიგარქების უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება.საკუთარ ტელეგრამ-არხზე დერიპასკამ პუტინის უსაფრთხოების ძალები „სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები აღარ იდება: „ეს ღრმა კრიზისია. ის რთული ცვლილებებით არის გამოწვეული - იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც ადრე გაგვაჩნდა, გადავედით რეგიონულზე, რასაც უამრავი შეზღუდვა ახლავს თან“.დერიპასკამ თანამემამულეების გაღიზიანება გამოიწვია შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც, მათ დღეში თორმეტი საათი, კვირაში კი ექვსი დღე უნდა იმუშაონ — დილის რვიდან საღამოს რვამდე: „ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ვაღიარებ, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გზაა და ის ჩვენს ეროვნულ ხასიათთანაა დაკავშირებული: მძიმე დროს, ჩვენ ერთად დგომა და კიდევ უფრო თავდაუზოგავი შრომა შეგვიძლია“. „როდის დაგვინაწილებენ ყმებად?“ მას შემდეგ, რაც დერიპასკამ სახელმწიფო აპარატისგან მხარდაჭერა მიიღო (მაგალითად, ყოფილი დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოსგან), მიმომხილველმა ოლეგ საროვმა (412 ათასი გამომწერი) სარკასტულად დაწერა: „ჩვენ სწრაფად ვუბრუნდებით საწყისებს. მეგონა, დერიპასკამ რაღაც სისულელე დაუფიქრებლად დაწერა. თურმე, არა - რა დაუფიქრებლად? XIX საუკუნეში დაბრუნების მთელი კამპანიაა დღეს გაჩაღებული. საინტერესოა, როდის აპირებენ ყმების ერთმანეთში განაწილებას?“სხვა რუსი ექსპერტები ირონიისგან თავს იკავებენ და სერიოზულად აცხადებენ: „მთავრობა მოსახლეობას, შესაძლოა, ტოტალური შრომითი მობილიზაციის სცენარისთვის ღიად და სისტემურად ამზადებს“. „ფუტკრები დილის 6-დან საღამოს 7-მდე შრომობენ“ ანალიტიკოსების შეფასებით, ანაზღაურებად „ზეგანაკვეთურ სამუშაოზე“ ოცნებაც არ ღირს, რადგან საამისოდ ფული არ არსებობს: „ქვეყანას გიგანტური პარამილიტარისტული ბანაკისთვის ამზადებენ, სადაც სამსახურიდან წასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ტრადიციული ხელფასები კი შესაძლოა ნაწილობრივ სასურსათო ტალონებმა შეცვალოს“.დერიპასკამ ამ კრიტიკას ირონიულად უპასუხა: მან აყვავებული ბაღის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფუტკრებიც კი ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 7-მდე „შრომობენ“. ამ კონტექსტში, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის 23 თებერვალს პუტინის ნათქვამი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, დერიპასკას მოთხოვნა „იწინასწარმეტყველა“: „საერთო მიზნებისთვის ერთად გამარჯვების უნარი ჩვენი არმიისა და ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების უდიდესი ძალაა“.„რუსეთის თავზე ყმობის აჩრდილი ტრიალებს“, - აცხადებს კიდევ ერთი მიმომხილველი, რომელსაც 118 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი თქმით, დერიპასკამ „ამომწურავი პოლიტიკური დიაგნოზი“ დასვა: „პირველად მოხდა, რომ ძველი ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელმა ასე ღიად დაასახელა ის ჩიხი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა შეიყვანა. დერიპასკას ფიქრები იმის გაცნობიერებითაა განპირობებული, რომ „სტაბილურობა“, საბოლოო ჯამში, სტაგნაციად იქცა“. „რუსეთი ფატალურად იგვიანებს“ დერიპასკა სულაც არ არის ერთადერთი რუსი მეწარმე, რომელიც მომავალს შავ ფერებში ხედავს. განგაშის ზარს სცემს დრონების მწარმოებელი ალექსეი ჩადაევიც: „ამ ომში, რომელიც თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა ჰგავს ლოსს - ამერიკულ ირემს - რომელიც ავტომაგისტრალზე გავიდა. მისი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციის უნარი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილოს. ის ვერც კი მოასწრებს რეაგირებას, ვერც კი დაინახავს, რა ეჯახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მანევრირებაზე. ჩვენ მიუღებლად, აუტანლად და ფატალურად ნელები ვართ ამ ომში“.საკუთარ პროგნოზში ჩადაევმა „შემდგომი წარუმატებლობები“ დააანონსა და ასევე იწინასწარმატყველა: „ჩემი მისამართით, რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა წამოვა, როგორც ჩვენთან ყოველთვის ხდება“. „დესტაბილიზაცია შიგნიდან“ პოლიტოლოგი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ ზოგიერთები დერიპასკას „მოჩვენებით აღშფოთებაში“ ადანაშაულებენ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის მართლაც გაბრაზებულია საკუთარი „უძლურების გამო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი კრემლის „ფრიადოსან მოწაფეს“ ნამდვილად არ ჰგავს.ოლიგარქების მიმართ არაერთი კრიტიკის ფონზე, არხი „ორი მაიორი“ (Two Majors), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ბლოგს (1,18 მილიონი გამომწერი) მართავს, „დესტაბილიზაციაზე“ საუბრობს: „ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ტერმინი „მეექვსე კოლონა“. მასში მოიაზრებიან მოღალატეები, რომლებიც ულტრაპატრიოტებად ოსტატურად ინიღბებიან და ქვეყანას ყალბი არგუმენტებით აზიანებენ“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ისრაელელი ბედნიერია აშშ-ის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება

ყველა ისრაელელი ბედნიერია ამერიკის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელი პილოტის გადარჩენა მიულოცა.„ეს ადასტურებს, რომ თავისუფალი საზოგადოებები როცა იბრძვიან გამბედაობითა და მონდომებით, მათ შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ, ერთი შეხედვით, გადაულახავ სირთულეებს და დაძლიონ სიბნელის, ტერორის ძალები. ამერიკელი პილოტის გადარჩენა აძლიერებს წმინდა პრინციპს: არავინ რჩება გვერდით. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ორივე ქვეყნის ისტორიაში. როგორც ერმა, რომელმაც არაერთხელ განახორციელა გაბედული სამაშველო ოპერაციები, ისრაელელებმა და მე ვიცით, რა გაბედული გადაწყვეტილება მიიღეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა დიდი გამარჯვება აშშ-ს.

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

ბოლო სიახლეები