ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.

ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას,  როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც  მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული  ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა.

მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს.  მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე,  რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.

მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გზების დეპარტამენტის განცხადება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გარდა ამისა, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი) დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გია ვოლსკი: ბაჩო ახალაიას რა პასუხი აქვს იმ რეალურ ფაქტებზე, რომელიც კომუნიკაციის უშველებელ რაოდენობაზე არსებობს? სასამართლოს დაველოდოთ, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს

ბაჩო ახალაიას რა პასუხი აქვს იმ რეალურ ფაქტებზე, რომელიც კომუნიკაციის უშველებელ რაოდენობაზე არსებობს? პარალელური პროცესი მიმდინარეობდა მის კომუნიკაციასა და რევოლუციურ მოძრაობას შორის? სცენარი თვალსაჩინოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, თბილისის ქუჩებში რა ხდებოდა და ვისთან იყო კომუნიკაცია, ყველამ ნახა.„კომუნიკაციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოჰყვებოდა. ეს იმდენად რეალური და თვალსაჩინოა, რომ ეჭვი არ გვეპარება, რასაც ბრალდება ამბობს, თუმცა სასამართლოს დაველოდოთ, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომელი სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი 5-6 იანვარს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და იმ სერვისების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღებაც 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის №563 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო, „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. მისი განცხადებით, „შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისმწამებლური რეპორტაჟი, სადაც, ხაინდრავას განმარტებით, ყველა სიტყვა სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებებზე იყო დაფუძნებული.ასევე, გოგა ხაინდრავას განცხადებით, დააფუძნებს ფონდს, რომელიც ხელს შეუწყობს „მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას“.გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, კანონმდებლობაში ჩაიწეროს ისეთი მუხლი, რომელიც მედიის მხრიდან დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაზე რეაგირებას მოახდენს.„21 დეკემბერს „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი იყო სიცრუე. თექვსმეტი ცილისმწამებლური განცხადება იყო სიუჟეტში ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანობის მიმართ. იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც „ქართული ოცნების“ მყარმა და ჩაბეტონებულმა პროპაგანდისტმა, „ქართული ოცნებისგან“ საჩუქრად მივიღე მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ახალშენში. რეალური სურათი შემდეგია – როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, ის ადამიანი, ვინც სიუჟეტი გააკეთა, მაშინ დაბადებული არ იყო. 35 წლის წინ მოხდა ეს ამბავი.ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში, ანუ – ცრუ, ცილისმწამებლური, შეცდომაში შემყვანი, ღირსების განზრახ შემლახავი, მაპროვოცირებელი, ბოროტგანზრახული წარმოჩენის გამო – ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემ მიმართ. შებღალული ჩემი ღირსება, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა.აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში, სადაც მოვითხოვ ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას. მთელ ამ ფულს შევიტან ფონდში, რომელიც უნდა დავაარსო და დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დაარსდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს, მათი იურიდიული უფლებების აღდგენას. დავაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში იყოს შეტანილი მუხლი, რომლითაც გარანტირებული იქნება ცილისწამებისგან მოქალაქის დაცვა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

თამარ ჩიბურდანიძე: მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმაურება ხელისუფლების ინიციატივას, დარეგულირდეს ფასები მედიკამენტებსა და პროდუქტზე:„2026 წლის ბიუჯეტი სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.ის ხაზს უსვამს ქართული ოპოზიციის გამოხმაურებასაც დაანონსებულ ინიციატივაზე და წერს, რომ „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია გადაიქცა იმ მონოპოლისტების მფარველად, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს აფინანსებენ.„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქართველმა ხალხმა დააფასა ხელისუფლებისგან შენარჩუნებული მშვიდობა ქვეყანაში და ეს არჩევნებით დადასტურდა. მაგრამ მშვიდობასთან ერთად, მოსახლეობა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას ითხოვდა. ეს შეეხება როგორც სოციალურ პაკეტებს სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, ფასების რეგულირებას, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იზრდებოდა. 2026 წლის ბიუჯეტი აშკარად სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება. მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომღაც დაავიწყდათ, რამდენი სიუჟეტი აქვთ გაკეთებული პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებაზე და ამაში ხელისუფლების „დანაშაულზე“. „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია ხელისუფლების ინიციატივის გაჟღერებისთანავე, უმალვე გადაიქცა კონკრეტული მონოპოლისტების მფარველად, რომელთა ფინანსებითაც დღემდე სულდგმულობენ. ეს კარგია, ხელისუფლებამ ისინი კიდევ ერთხელ გააშიშვლა. რაც შეეხება ფასების რეგულირებას, იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა ამ მხრივაც ამოისუნთქებს და ქვეყანაზე ზრუნვა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, ზოგიერთი გაზულუქებული ბიზნესმენის ვალდებულებაც გახდებ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები