“იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა დახურვა, ხაზგასმით ვამბობ ამას“ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა.
მისი ინფორამციით. ბიბლიოთეკებში სტანდარტებთან შეუსაბამო სიტუაციაა და არსებობს გარკვეული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რის გამოც თბილისის მერიაში დაფუძნებული ახალი აიპი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული, მაღალი სტანდარტის ბიბლიოთეკების შექმნას გეგმავს. ასევე განახლდება წიგნების ფონდიც.
სოფო ხუნწარიას ინფორმციით, ბიბლიოთეკების თანამშრომლები ერთთვიანი გადამზადების კურსს გაივლიან და ამის შემდეგ ტესტირება ჩატარდება. სამუშაოს შეინარჩუნებს ის, ვინც გამოცდებს ჩააბარებს.
თანამშრომელთა გადამზადება ორ კვირაში დაიწყება. თბილისიში არსებული ბიბლიოთეკები კულტურის სამინისტროს სიპია და წლებია მათ მერია აფინანსებს, ამიტომ უწყება სამართლებრივი პრობლემის გამოსწორებასაც გეგმავს და ბიბლიოთეკების თბილისის ახლადშექმნილ აიპიში გადატანას. ამ საკითხთან დაკავშირებით სოფო ხუნწარია დღეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებსაც შეხვდება.
“ის პრობლემები, რასაც ჩვენ შევეჩეხეთ, მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოსწორდეს. მედიათეკები და ბიბლიოთეკები გაერთიანდება, იმიტომ რომ მედიათეკა თავისთავში გულისხმობს, რომ არის ბიბლიოთეკა. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები. მათ აუცილებლად მოუწევთ ტესტირება, თუმცა ტესტირება იქნება იმ საქმეში, რასაც დღეს ემსახურებიან. გვჭირდება ახალი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული ბიბლიოთეკები, მაღალი სტანდარტის, წიგნების ფონდი კი უნდა განახლდეს,“ – განაცხადა სოფო ხუნწარია.
ბიბლიოთეკების დახურვის საფრთხეს ხედავენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, მერია ქალაქში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 10-ის დატოვებას და თანამშრომლების გაშვებას გეგმავს.