ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ღონისძიებიდან, რომლის განხორციელებასაც საბერძნეთის მთავრობა ქვეყანაში შობადობის წასახალისებლად გეგმავს. საბერძნეთში შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 1.4 ბავშვს შეადგენს, რაც მოსახლეობის აღწარმოებისთვის საჭირო 2.1-იან ნიშნულს ბევრად ჩამორჩება.
საბერძნეთის მთავრობის მეთაური ამ ციფრებს „ეროვნულ საფრთხედ“ მიიჩნევს და, შესაბამისად, ხაზს უსვამს ამ კუთხით საგადასახადო რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც კირიაკოს მიცოტაკისმა 8 სექტემბერს დააანონსა.
რეფორმა გადასახადების 1.6 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს. ფისკალური სიახლე 2026 წლიდან ამოქმედდება და საშემოსავლო გადასახადის ყველა კატეგორიის ორი პუნქტით შემცირებასაც გულისხმობს.
საბერძნეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე ამბიციური საგადასახადო ცვლილებაა.
ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები სოფლად მცხოვრებთათვის და იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 1,500-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს.
ყველაზე მიუვალი ტერიტორიები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.
ამით ოფიციალური ათენი იმედოვნებს, რომ წაახალისებს ახალგაზრდებს, გადავიდნენ ამ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.
თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას ის ნაბიჯი იქცევს, რომელიც ოთხზე მეტი შვილის მქონე დაბალშემოსავლიან ოჯახებს გადასახადებისგან ათავისუფლებს.
„ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრების ღირებულება განსხვავებულია, როცა ერთი, ორი ან სამი შვილი გყავს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იპოვოს გზა, წაახალისოს და დააჯილდოოს ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც არჩევანი მეტი შვილის ყოლის სასარგებლოდ გააკეთეს,“ – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი.
საბერძნეთის მოსახლეობა დაახლოებით 10.2 მილიონს შეადგენს, მაგრამ თუ შობადობის დღევანდელი მაჩვენებელი შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ის 8 მილიონამდე შემცირდება.
ევროსტატის პროგნოზით, 2050 წლისთვის მოსახლეობის 36 პროცენტი 65 წელს გადაცილებული იქნება.
საბერძნეთში შობადობის კოეფიციენტი 15 წლის წინ დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ განახევრდა.
ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საბერძნეთის საგადასახადო რეფორმა ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული: „როგორც ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ უმთავრესი პრიორიტეტი დემოგრაფიული საკითხია“.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბერძენი წავიდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ახალგაზრდები, რომლებიც „ტროიკას“ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი – რედ.) მიერ ქვეყნისთვის დაწესებული შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ, და როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიუთითებს, სწორედ ამით უნდა აიხსნას შობადობის კლებაც.