ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ლურჯი მოცვის, მშრალი ხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდ ბერიზ“, „კოლხური კენკრა“, „აგრითაჩი“, „გეო აგრო ესთეითი“, „ხონის პლანტაციები“, „ჯეო ორგანიკი“, „ალფაინ სფაისის“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია დაესწრნენ.

გიორგი ავალიანის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოებისთვის. მისი თქმით, წელს გამოფენაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი ცხრა ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

„ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი  მოთხოვნადი და მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი. საქართველოს აქვს როგორც ხარისხის, ასევე სეზონურობის უპირატესობა, რაც ქართულ პროდუქციას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. მსგავსი გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ექსპორტის მოცულობების ზრდის, სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების მდგრადი განვითარებისათვის“, – აღნიშნა გიორგი ავალიანმა.

FRUIT LOGISTICA  ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

საერთაშორისო გამოფენა 4 თებერვალს გაიხსნა და 6 თებერვალს დასრულდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით გურგენიძე – განათლების მინისტრთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი, აკადემიური წრეებიდან ელოდება შენიშვნებს, კონცეფციაზე მოსაზრებებს, შემდეგ ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია, განათლების მინისტრი მოისმენს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების აზრს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.„მინისტრთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი, ის ელოდება აკადემიური წრეებიდან შენიშვნებს, აზრებს, კონცეფციაზე საუბარს. შემდეგ ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჩვენს აკადემიური წრეს, პროფესორებს, მასწავლებლებს სამი ვარიანტი შესთავაზა განსახილველად. ვთქვი, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. როგორც ვიცი, ჩვენს კოლეგებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები. მინისტრთან მე ვისაუბრე, განიხილავს და შემდეგ შევჯერდებით. შეხვედრა გაიმართება, რათა მინისტრმა მოისმინოს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აზრი, შემდეგ შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერ-მინისტრს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, დავით გურგენიძის თქმით, ნამდვილად უნდა გაძლიერდეს ტექნიკური, ტექნოლოგიური განათლება საქართველოში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, აწმყო და ვფიქრობ, კიდევ უფრო კარგი მომავალი ექნება. ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და რაც მეტი ინჟინერი და ტექნოლოგი გვეყოლება, ძალიან კარგი იქნება. უკეთესი გვინდა, ყველა რეფორმა საჭიროა იმისთვის, რომ არათუ 2 250 ლარი იყოს გრანტი, არამედ მეტი ინვესტიცია იყოს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს, ბევრი ინჟინერი გამოვუშვათ, ნიკო ნიკოლაძის ოცნებაც ეს იყო. მე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩეული რექტორი, მოვისმენ ყველა მოსაზრებას და საბოლოოდ მოგახსენებთ ჩემს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ხვალ, 6 თებერვალს გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში თსუ-ს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.შეგახსენებთ, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. მისივე განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – „საბჭო“ და დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ. როგორც აღინიშნა, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

გერმანიაში მდებარე შპანგდალემის აშშ-ის სამხედრო ბაზა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა

გერმანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა.ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. საუბარია ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილეს ბაზა შპანგდალემზე.ასევე ცნობილი ხდება, რომ საბერძნეთის კუნძულ კრეტიდან საუდის არაბეთში გადაისროლეს კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი E-11A, რომელიც ბრძოლის ველზე შეუფერხებელ კომუნიკაციებს უზრუნველყოფს.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

 1-5 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 258 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 75, 186 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  7763 ლარით დაჯარიმდა.

„ბიბისი“ – სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას

სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტაივანი დაასახელა.სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს, წინდახედულება გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას. მისივე თქმით, პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონთან კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები განსხვავებების გადასაჭრელად გზებს გამონახავენ.სი ძინპინმა ტაივანს „ჩინეთის ტერიტორია“ უწოდა და თქვა, რომ „ჩინეთმა უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.ჩინეთის ლიდერის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მცდელობები „დააჩქარებდა ტაივანის სრუტეში სახიფათო და ძალადობრივი სიტუაციის ზრდას“.ცნობისთვის, დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს რაკეტების გამშვებ დანადგარებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვადასხვა სახის რაკეტებს.დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს „შესანიშნავი“, „ხანგრძლივი“ და „სიღრმისეული“ უწოდა.ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, არსებული სიტუაცია ირანში, ჩინეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის აშშ-ისგან შესყიდვის საკითხები. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

პაატა სალია – მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად.მისი თქმით, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ბოლო სიახლეები