სამშაბათი, მაისი 13, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით, ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.

„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

სადამდე გაიზრდება ინფლაცია?წლიური ინფლაცია, ზედიზედ მეორე თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 3.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მიზნობრივზე მცირედით მაღალი ინფლაცია ჯერ კიდევ შარშან ჩვენს საბაზო სცენარს წარმოადგენდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციური წნეხი შედარებით გაზრდილია. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია ბოლო 6 თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ნაწილობრივ ამოწურვის მიუხედავად, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებზე ჯერ კიდევ შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების ერთჯერადი ცვლილების ეფექტები რიგ პროდუქტებზე. ჩვენი მოლოდინით, ინფლაცია წლის განმავლობაში მცირედით კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის, დაახლოებით, 4%-ს მიაღწევს.2025 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ინფლაციამ 2.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1% იყო. რასაკვირველია, ინფლაციის აჩქარება, გარკვეულწილად, შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის განპირობებული. 2024 წლის საშუალოსთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე მეტად შერეულ პროდუქტებზეა გაზრდილი, ხოლო იმპორტულ პროდუქციაზე ინფლაცია, პირიქით, შემცირებულია. პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უკვე სამი თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულში საკუთარი წვლილი მარტსა და აპრილში პურის გაძვირებამაც შეიტანა, თუმცა ადგილობრივი ინფლაცია ამ ეფექტის გარეშეც მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფასების დინამიკა ადგილობრივ პროდუქციაზე საყურადღებო ინდიკატორია, რადგან იგი შედარებით ხისტია და უკეთ ასახავს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.ამავდროულად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისი მომსახურების ინფლაციაა, რადგან იგი ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება. ინფლაციის ამ კუთხით ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელს ჯამური ინფლაციის აჩქარება მთლიანად საქონლის ინფლაციის ზრდით იყო განპირობებული, მაშინ როდესაც მომსახურების ინფლაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ინტერნეტის გადასახდელის შემცირების ერთჯერადი ეფექტი, რომლის გარეშეც მომსახურების ინფლაცია აპრილში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ მომსახურების ინფლაციაში აჩქარება შეინიშნება სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში, რაც, თუ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე შეფასებას გავითვალისწინებთ, ამ არხიდან ფასებზე გადაცემის მექანიზმთან თანხვედრაშია. რაც შეეხება საქონლის ინფლაციას, ზრდაში ერთ-ერთი მსხვილი წვლილი საკვებზე ფასების მატებამ შეიტანა.თავის მხრივ, საკვებზე ფასების ზრდა განპირობებულია როგორც ადგილობრივი, მათ შორის ზემოაღნიშნული პურის ფასების, ასევე გლობალური ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო კალათაში საკვები პროდუქციის უმრავლესობა ადგილობრივად წარმოებულად არის კლასიფიცირებული, როგორც ზემოთ ითქვა, მრავალი პროდუქტი იმპორტულ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივი შეფასებით, ვლინდება მჭიდრო კავშირი სურსათზე გლობალურ ფასებს, ლარის გაცვლით კურსსა და ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებს შორის. თავისთავად, ცალკეული საკვები პროდუქტის შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერია. რასაკვირველია, გლობალური ფასებისა და გაცვლითი კურსის გადაცემის მექანიზმი ძალზე გამოკვეთილია სრულად იმპორტული პროდუქტების მაგალითზე, როგორიცაა საწვავი. აპრილში ბენზინის ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს ან მცირედით მეტსაც კი მიაღწევს.რაც შეეხება ინფლაციის  უფრო ანალიტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია, ბოლო 6 თვის განმავლობაში აჩქარება ამ კუთხითაც შეინიშნება, თუმცა აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციური ზეწოლა ნაკლებად გამოკვეთილი იყო. გარდა ამისა, გამოვყოფთ მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკას, რომელიც ხშირად სამომხმარებლო ფასების წინმსწრები მაჩვენებელია და, მარტის მდგომარეობით, შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.საერთაშორისო ფასების კუთხით, აღსანიშნავია, რომ, მარტის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ფასების ინდექსები. ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ფართო მოხმარების საქონელი კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. რაც შეეხება ლარს, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. გრძელვადიან ტრენდზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს. დასასრულს, გამოვყოფთ ორ შედარებით უფრო სტრუქტურულ საკითხს. პირველი; მიმდინარე მდგომარეობით, შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ იკვეთება. მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ კუთხით ინფლაციური ზეწოლის წარმოქმნის წინაპირობა რეალური ხელფასების მხოლოდ დამატებით გამოკვეთილი ზრდა შეიძლება გახდეს. მეორე; ფართო რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზით ვლინდება, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დინამიკას ძირითადად საერთო რეგიონული ფაქტორები განსაზღვრავდა, ხოლო ადგილობრივ ფაქტორებზე შედარებით მცირე წვლილი მოდიოდა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის, დაახლოებით, 75% სწორედ ამ საერთო ფაქტორებით აიხსნება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006832-macro-update-georgia

მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს მას მერე, რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძე დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისასდმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხმაურება.„დიფ სთეითი“ თუ სადმეა, ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამერიკის „დიფ სთეითს“ ებრძვის თურმე ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს. მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს არჩილ ჩიქოვანი.

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით.„შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც, მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ჩვენ ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. მეგობარ აქტს და მოცემულია ჩვენი შეფასებები, პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავთ, ერთი მხრივ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. ამ საკითხზე მე ვიქნები მომხსენებელი და განხილვები უკვე ხვალ შედგება პარლამენტში როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც, როგორც ვნახეთ, თავადაც შეუცვალეს სახელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, რაც იქ ამოვიკითხეთ, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც, სინამდვილეში, საქართველოში არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არგუმენტებზე, მყარ ფაქტებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, რა არის რეალობა, ასევე გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება, რაც ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის სახით. ასე რომ, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც იხილოს. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას პარლამენტის განცხადების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბარამიძე – მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატებს

მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია რეჟიმთან ბრძოლაში გამარჯვება თუ პროტესტი არ დაეფუძნა სიმართლის თქმას და ასევე – ერთიანობას.„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ შეუძლებელია ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, თუ, სულ მცირე, ორ მთავარ პირობას არ დააკმაყოფილებს ჩვენი პროტესტი და საზოგადოების ძალისხმევა არ დაეფუძნება უპირველ ყოვლისა სიმართლის თქმას – გაცნობიერებას იმისას, რა არის სიმართლე, რა შავი და რა არის თეთრი, რა არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე რეალური პრობლემა და რა არის მეორეხარისხოვანი და მეორე ეს არის ჩვენი ერთიანობა – ამ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა მათ ზურგს უმაგრებს კრემლის პროპაგანდა, კრიმინალური სამყარო, შავი ფული და იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც უკანონოდ აქვს ჩაგდებული ხელში პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს და მისი სპეცდანიშნულების რაზმების და ქვეყნის ბიუჯეტის გამოყენების სახით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთმანეთს ვჭირდებით ის განსხვავებული ძალები, პოლიტიკური შეხედულების თვალსაზრისით სხვადასხვა ფლანგზე მყოფი ადამიანები, წარსულთან მიმართებით სხვადასხვა შეფასების მქონე ადამიანები. მთავარია, იყოს საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, უნდოდეს კეთილდღეობა, მშვიდობა ევროპული და ცივილიზებული განვითარება, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ ერთად არ ვიბრძოლებთ, ერთმანეთს არ დავაფასებთ და თუ ჩვენ ერთმანეთს არ ავიტანთ.ყველა უნდა ვეცადოთ წინა პლანზე წამოვწიოთ ერთიანობა და ის პოზიტივი რაც გვაქვს – ესაა საქართველოს სიყვარული, ინტერესებისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ – საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშაა გათელილი, ვხედავთ, რომ ქვეყანას მართავს პუტინის მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს, საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, ჩამოაშოროს მეგობრები და დატოვოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.მისი თქმით, ახლა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს რეჟიმის მოცილება, შემდეგ კი შესაძლებელია დავის გაგრძელება სხვადასხვა თემაზე.„ჩვენთვის მთავარი ყველასთვის უნდა იყოს ამ რეჟიმის მოცილება – როდესაც მშვიდობიანად ყველანი ამას მოვახერხებთ, მერე შეგვიძლია, ძალიან ბევრ რამეზე გავაგრძელოთ დავა და კამათი; ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს. არცერთი ჩვენგანისთვის არაფერია იმაზე მიუღებელი, ვიდრე ეს კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ღალატობს ქვეყანას“, – განაცხადა ბარამიძემ.

ბოლო სიახლეები