საქართველოს შინაგან საქმე სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ. თ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბათუმში შურისძიების მოტივით დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ.,-ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ.-ს, 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ-სა და 2005 წელს დაბადებულ ა.ს.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.